ახალი ამბები
პირველი წარმატება თბილისისთვის ბრძოლაში გორის ბატალიონს უკავშირდება
1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. თბილისის მისადგომებთან გორის ბატალიონიც იბრძოდა. ამ ოპერაციის დროს, 1600 წითელარმიელი ტყვედ ჩავარდა.

ბრძოლის ეს მონაკვეთი დეტალურად აქვს შესწავლილი ისტორიკოსს მიხეილ ბახტაძეს - ,,დიდ ქართველებში.

წითელმა არმიან თბილისზე პირველი იერიში გენერალ მაზნიაშვილის პოზიციაზე მიიტანა. 18 თებერვალს, 20-21 საათზე, ქართველმა სადაზრვერვო რაზმებმა მოწინააღმდეგის მოძრაობა დააფიქსირეს. 22 საათისათვის წითელმა არმიამ იაღლუჯის ქედს მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან შემოუარა და გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებისკენ დაიძრა. 

დაზვერვაზე წასულმა გორის გვარდიისა და სადარაჯო ათასეულის რაზმებმა მტრის ავანგარდთან მცირე შეტაკების შემდეგ უკან დაიხიეს. მათ დახმარებას ჯავშანმანქანების რაზმიდან შეატყობინეს გენერალ მაზნიაშვილს, რომ მტერი სოღანლუღისკენ მოიწევდა.

არსებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ გენერალმა მაზნიაშვილმა დაასკვნა, რომ მტერი ძირითადად იერიშს მხოლოდ ერთი მიმართულებით - მტკვრიდან რკინიგზის ხაზამდე არსებულ მონაკვეთზე მიიტანდა. მაზნიაშვილი გვარდიის გორის ბატალიონის მიერ დაკავებულ პოზიციებზე მივიდა, რადგან შეტევა სწორედ აქ იყო მოსალოდნელი.

გენერალმა ძლივს მოასწრო ბატალიონის უფროსის მოხსენების მოსმენა, რომ შეტევა დაიწყო. ამ დროს დაახლოებით 1:30 საათი იყო.

სასტიკი და თავგანწირული ბრძოლა მთელი ღამე გაგრძელდა. დაახლოებით, 3-დან 4-ის ნახევრამდე პერიოდში მაზნიაშვილი სადარაჯო ათასეულის განლაგებაში გადავიდა და იქიდან განაგრძო ბრძოლის ხელმძღვანელობა.

მაზნიაშვილი შიშობდა, რომ მოწინააღმდეგე შეტევის ძირითად მიმართულებას შეცვლიდა და მის მარჯვენა ფლნაგს შეუტევდა. თუმცა ეს შიში არ გამართლდა. წითელი არმია ჯიუტად ცდილობდა გორის გვარდიელების პოზიციების გარღვევას.

გამთენისაას, მოწინააღმდეგის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ, სადარაჯო ათასეული იერიშზე გადავიდა. მას გორის ბატალიონმაც მიბაძა, სანგრებიდან ამოვიდა და მოწინააღმდეგეს შეუტია.  მხარი სარეზერვო ბატალიონმაც დაუჭირა.
ბრძოლაში მონაწილეობდა ორი ქართული თვითმფრინავიც.

მტერმა ქართველთა იერიშს ვერ გაუძლო და უკან დაიხია იაღლუჯის მიმართულებით. ტყვედ ჩავარდა 1600 წითელარმიელი.

,,ეს იყო ქართული ჯარის პირველი წარმატება ამ ომში და ის გენერალ მაზნიაშვილის სახელს უკავშირდება." - წერს მიხეილ ბახტაძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები