ახალი ამბები
ქართველი და ოსი მოსწავლეები ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ
საზოგადოება ,,ბილიკის" ორგანიზებით ქართველი და ოსი მოსწავლეები საკუთარ თემში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, ერთობლივად მუშაობენ. ამის თაობაზე qartli.ge-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლია გორელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო კლუბში გაერთიანებულნი არიან შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების სკოლებიდან შერჩეული მოსწავლეები. მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, რომლის პრეზენტაცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

პროექტი „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“  ხორციელდება  „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.

,,შეირჩა 16 მოსწავლე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მედიაბანაკში. მედიაბანაკში ის მოსწავლეები მოხვდნენ, რომლებიც ჟურნალისტიკით არიან დაინტერესებულნი" - აცხადებს ლია გორელიშვილი.

მედიაბანაკში მოსწავლეებს ტრენინგი რადიო ,,თავისუფლებისა" და ონლაინ-მედია qartli.ge-ს ჟურნალისტები შეახვედრეს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები