ახალი ამბები
ფერმერთათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50%-ს მთავრობა დააფინანსებს
მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს პროგრამა ფერმერებთან შეხვედრებზე ყველაზე ხშირად განიხილებოდა და გამოიკვეთა, რომ მათთვის მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა.

„ვფიქრობთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის, საგრანტო და თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 50 % გრანტით თანადაფინანსება ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მაქსიმალური ლიმიტი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 150 000 ლარით. ეს თანხა იქნება გრანტი, რომელსაც ბენეფიციარი ფერმერი მიიღებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (განსაკუთრებით მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

ბენეფიციარის მიერ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ექსპლუატაციაში არ მყოფი და წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;

პროგრამას, რომლის მოცულობა 4 მილიონი ლარია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განახორციელებს.

საკუთარი ფოტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები