ახალი ამბები
პროკურორის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს
27 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც საქართველოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვს.

სარჩელის ავტორია ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI. მოთხოვნის მიხედვით, უნდა შეიზღუდოს ნორმა, რომლის მიხედვით სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ექვემდებარება იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერაც სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაული.

გამოძიების ქვემდებარეობის წესის თანახმად, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერაა დამტკიცებული, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების ჩატარების უფლება პროკურატურის კომპეტენციაა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მთავარ პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას გამოძიების ქვემდებარეობის დადგენილი წესის მიუხედავად საქმე ერთი საგამოძიებო ორგანოდან მეორეს გადასცეს. შესაბამისად, სადავო ნორმის მიხედვით მთავარ პროკურორს აქვს შესაძლებლობა, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სავარაუდო დამნაშავის სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალოს, რაც შეიცავს გამოძიების ინსტიტუციური, იერარქიული და პრაქტიკული მიკერძოების (არაეფექტიანი გამოძიების) საფრთხეს.

,,აღსანიშნავია, რომ საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა იმდენად, რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი არსებობის ისტორიაში, დღემდე ჯერ არ უმსჯელია წამების აკრძალვის პოზიტიურ ვალდებულებასა და ამ კუთხით, გამოძიების დამოუკიდებლობის სტანდარტების თაობაზე." - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები