ახალი ამბები
გორში იპოთეკარმა მოვალეების 80 000-ლარიანი სახლი 6 200 ლარად შეიძინა
Qartli.ge-ს წარუდგინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იპოთეკარმა 80 000-ლარიანი სახლი 6200 ლარად ,,იყიდა“. ეს ამბავი ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ოჯახის წევრებმა იპოთეკარისგან, იპოთეკის ხელშეკრულებით, აიღეს 5 500 დოლარი სესხი. ვალის გადაუხდელობის გამო, მოვალეებს სახლის დაცლა მევალემ მოსთხოვა.

ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იპოთეკარს მოლაპარაკებოდნენ. ზეპირი შეთანხმების არსი ასეთი იყო: ბინა გაიყიდებოდა აუქციონზე, შეიძენდა იპოთეკარი და არა სხვა ვინმე, რითაც ვალის გადახდის შემდეგ, სახლი, კვლავ ოჯახის წევრებზე გადაფორმდებოდა.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, იპოთეკარმა, როგორც კი სახლი გაიფორმა, დაზარალებულებს მაშინვე სახლის დაცლა მოსთხოვა.

,,სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ 80 000 ლარად შეფასებული ქონება შეიძინა 6200 ლარად, ვინაიდან აუქციონზე გატანილი მოვალის ქონების შეძენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, აუქციონზე გატანილი ქონება შესაძლებელია, გაიყიდოს ამ ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასადაც (სსკ-ის 307-ე მუხლი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს აუქციონის შედეგების კანონიერება არ წარმოადგენს.“ - აღნიშნულია სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბერის გადაწყვეტილებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები