ახალი ამბები
რა შემთხვევაში არ მიუვა კორკოტი მიცვალებულს - ქართლური წარმოდგენები
კორკოტის „შედგმა“ დიასახლისმა უნდა მოასწროს პარასკევს-ვიდრე მზე გადავა. მარცვლეული იყრება წყლიან ქვაბში - მუჭობით. ყოველი მუჭის ჩაყრისას დიასახლისი ცალ-ცალკე მოიხსენიებს მიცვალებულებს სახელით, ანთებს სანთელს.

როდესაც ადუღდება, კორკოტის ქვაბს სახურავი არ უნდა ეხუროს. მთხრობელის გადმოცემით, სწორედ ქვაბიდან ამოსული ოხშივარი უნდა „მიუვიდეთ“ მიცვალებულებს. ამ დღეს მოხარშული კორკოტის ქაფს აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც შობისა და ნათლისღებისას.

კარგად მოხარშული ხორბალი მეორე დილას მზის ამოსვლამდე უნდა ჩაიზილოს რძეში, შეგემდეს ერბოთი და დაურიგდეს მეზობლებს.

ერთ-ერთი მთხრობელის გადმოცემით, მის დედამთილს ორი ახალგაზრდა ვაჟი ჰყავდა გარდაცვლილი და კორკოტს უშველებელი ქვაბით მოხარშავდა, გზაზე გაიტანდა და გამვლელლგამომვლელს მიართმევდა - შენდობას ათქმევინებდა. მისივე თქმით, მიცვალებულის კორკოტში მხოლოდ ერბოს გამოყენება შეიძლებოდა. მისი ქონით შეგემება, მიცვალებულის სულის შებილწვა იყო.

,,დღეს ეს რიტუალი ფაქტობრივად უცვლელად არის შემორჩენილი. ამ დღეს კორკოტს აკურთხებს ეკლესიაც, თუმცა საულიერო პირები დღესასწაულ კორკოტობას ხალხურად მოიხსენიებენ. " - აღნიშნავს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი თამილა კოშორიძე.

ხორციელის შაბათი საეკლესიო კალენდრით მიცვალებულის დღეა. ეს არის უქმე,ომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იცავენ. შიდა ქართლში ამ დღს იხარშება კორკოტი.

გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება ცნობილი ეთნოგრაფების საექსპედიციო ჩანაწერები, რომლის მიხედვით, სერგი მაკალათიას, ვერა ბარდაველიძეს და სხვებს, მთხრობელები წეს-ჩველებების შესახებ, უყვებიან.

თუ შობას და ნათლისღებას ქართლში კორკოტს უხვმოსავლიანობის დასაბევებლად ხარშავდნენ, ამ დღის კორკოტი მხოლოდ მიცვალებულთა სულის მოხსენიებისადმია მიძღვნილი.

ჩანაწერების მიხედვით, საკორკოტედ ყველა ჯიშის ხორბალი არ გამოიყენებოდა. მთხრობელთა გადმოცემით საუკეთესოა „შავფხა“, დოლის პური, დიკა. საერთოდაც, საქართველოში მარცვლეულის საწესო ხარშვისას მოწმდება „წმინდა ხორბლის“ არსებობა.

,,ზოგიერთი მარცვლეულისაგან მოხარშული კორკოტი „მიცვალებულამდე ვერ აღწევს“. ამიტომ გაჩნდა ამ რიტუალისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება." - აღნიშნავს მუზეუმის თანამშრომელი თამილა კოშორიძე. მან მოიძია ყველა ის ჩანაწერი, რაც ეთნოგრაფიულ ჩანაწერებშია მოცემული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები