ახალი ამბები
იმოგზაურე ტანას ხეობაში - მოკლე გზამკვლევი
საქართველოს გაერთიანებამდე ტანას ხეობა ეკუთვნოდა კლდეკარის ერისთავს. ამ გზით ქართლი უკავშირდებოდა ტაო-კლარჯეთს, სამცხე-ჯავახეთს და ზოგადად ბიზანტიის პროვინციებს.

მეათე საუკუნეში. ერთ-ერთმა ერისთავმა რატიმ მოინდომა ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის შურის გაღვივება. ბაგრატი იყო შვილობილი დავით კურაპალატისა. ბაგრატმა, კურაპალატის ნებართვით, რატი დაიმორჩილა 989 წელს.

ბაგრატ IV-მ კი, ატენი გადააქცია ციხე-ქალაქად. ციხისთავი იყო გორგანელ თარხონის ძე, ხოლო ერისთავი - მირიანი.



ატენის ციხეს ორი მხრიდან ხევი ჩამოუდის. ერთს ეწოდება საცივის ხევი, საიდანაც გამოდის გრილი ნიავი, სადაც წინათ ინახავდნენ ღვინოსა და ხორცეულს ზაფხულობით. ხოლო მეორე ხევი არის აბანოს ხევი, რომელსაც ვახუშტი უწოდებს თბილ წყალსა, მკურნალს ბუგრისა.

წედისში შიშიანობის დროს იხიზნებოდა მოსახლეობა. ის ეკუთვნოდა ერისთავს, რომელსაც ქალი მიუთხოვებია გორელ ამილახვრისთვის და ეს ხეობაც მისთვის მზითევში მიუცია. წედისის ხეობის უკანასკნელი მებატონე ყოფილა ნიკო ამილახვარი.

დანახვისი
ეს არის ისადგილი, საიდანაც მთელი შიდა ქართლი ჩანს. ვახუშტის მიხედვით: ,,დანახვისი დგას მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდისა გიორგისა, მჭვრეტი ქართლისა,"

წეროს ხევი ატენიდან დაშორებულია 5-6 კმ-ით. წეროს ხევში წინათ უცხოვრიათ წერუაშვილებს. სოფელი წერო ვახუშტისაც აქვს მოხსენული. ეს სოფელი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. ეკლესიის სამხრეთ კედელზე შემონახულია წარწერა: ,,წეროსა ღვთისმშობელი, ადიდე ორსავე შინა ცხოვრებასა მადიდებელი სახელისა შენისა როსტევან".

ბობნევი
გაშენებულია ტანას ხეობაში და იყოფა ორ ნაწილად. აღსანიშნავია ,,კოშკების ეკლესია". მის კედლებზე ფრესკული მხატვრობაა დაცული. ეს ეკლესია აუშენებია და მოუხატვინებია 1683 წელს იოსებ ტფილელს (,,დიდმოურავიანის" ავტორს). აქვეა მოთავსებული იოსებ ტფილელის პორტრეტული გამოსახულება. იოსებ ტფილელი გიორგი სააკაძის შთამომავალი იყო და სოფელი ბობნევი ითვლება სააკაძების სოფლად.

ბოშური მდებარეობს ბობნევის ზევით. მდიდარია ნაძვნარით, ზაფხულობით გრილა. ეს სოფელი ახლოს მდებარეობს ტანას სათავესთან, საიდანაც თრიალეთის ქედით გადმოდიოდნენ ლეკები და მოსახლეობას აწიოკებდნენ.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს მხარე ყოფილა უკაცრიელი და ერისთავს ქსნიდან და არაგვის ხეობიდან გადმოუსახლებია თინიკაშვილები, თოფჩიშვილები, გიგაურები, ქოქაშვილები და სხვ.

ფეტვისხევი დაცარიელებულია. აქ არც 2002 და არც 2014 წლების აღწერების მიხედვით არც ერთი ადამიანი ცხოვრობს.

ფეტვისხევში მდებარეობს მარიამწმინდის ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით. ზოგიერთი დეტალი კი უფრო გვიანდელი პერიოდისაა: მოხატულობა-XII-XIII საუკუნეების; კანკელი - XV-XVI საუკუნეებისა. ეკლესიის კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები