ახალი ამბები
კვაისა - წელს დაბის დაარსებიდან 72 წლისთავს აღნიშნავენ
ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" კვაისაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ჟურნალისტ ინდირა თედეევას ცნობით, წელს, კვაისას დაარსებიდან 72 წელი სრულდება. 

საზეიმო ღონისძიებები, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება. 2007 წლიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, დასახლება ქალაქის სტატუსს ატარებს

კვაისა, ფაქტობრივად, ოკუპირებულია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. მართალია, 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ, არაღიარებული რესპუბლიკის შემადგენლობაში რჩებოდა, თუმცა მეზობელ, რაჭის სოფლებიდან ან პირიქით მიმოსვლა არ შეწყვეტილა.

კუდაროს ქედებს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე (ჯავის რაიონი) დასახლება მაშინ გაჩნდა, როდესაც სპილენძის საბადოების წარმოება დაიწყო. ისტორიკოსი იოსებ მეგრელიძე, რომელიც ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი იყო, წერს, რომ ქვაისა (ნაცვლად კვაისა) მდებარეობს მდინარე ჯეჯორას მარცხენა სანაპიროზე. მას ჯავის რაიონის სოფელ ჩასავალი ემიჯნება. ქვაისას ტერიტორიაზე ქვაისა-ჯვარიც, რომელზეც არსებობს წარწერა ძველი ქართულით.



ცოტა ხნის წინ, ,,მთის ამბებმა" მოამზადა რეპორტაჟი სოფელ ირიდან, რომელიც კვაისასთან ახლოს მდებარეობს. ირი ონის რაიონს ეკუთვნის და ერთ-ერთი ბოლო სოფელია გამყოფ ხაზთან. ირელების თქმით, 2008 წლის ომამდე, ოსებსა და ქართველებს მისვლა-მოსვლა ჯერ კიდევ ჰქონდათ.

„ომამდეც იყო არეული, მაგრამ მაინც დავდიოდით. მოდიოდნენ ჩვენთან და ვმეზობლობდით კარგად. ომი რომ დამთავრდა, მათი დუხი აღარ ყოფილა აქ. ძვირფასი ურთიერთობა გვქონდა“.

„კაცს არ ახსოვს, რომ მაგათ რამე გაეფუჭებინოთ, ან ადამიანი, ან რამე მოეპაროთ ჩვენგან“, - საუბარში ქიშვარდი გაგნიძის მეუღლე, ეთერ მაისურაძე ჩაერთო: „კვაისაში ბებია მყავდა. სხვა შერეული ოჯახებიც იყო. ეზოში შემოჰყავდათ მანქანები. პროდუქტები, მაკარონი, ვერმიშელი, შაქარი, ბრინჯი, ფქვილსაც მომიტანდნენ. გადავალაგებდი, აქანა შავი ფქილი იყო, თეთრი თუ ქატო. ფული თუ არ გვქონდა, ნისიად გვიტოვებდნენ. მაგრამ ასე აურიეს, ჩვენებიც ტყუიან და ისინიც. რუსმა გააფუჭა ყველაფერი“.

ონი-ცხინვალის გზის ჩაკეტვის შემდეგ, ირი და მდინარე ჯეჯორის ხეობის სხვა სოფლები ჩიხში მოექცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები