ახალი ამბები
გორში სკოლის პედაგოგი მშობელს უჩივის
გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მშობელს უჩივის. ამის შესახებ qartli.ge-ს დირექტორის მოადგილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კახა კალმახელიძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მშობელმა ერთ-ერთ მედიასაშუალებით პედაგოგს ცილი დასწამა, რის გამოც, შეილახა პედაგოგის პატივი და ღირსება.

,,მშობელმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით განაცხადა, რომ სკოლის დირექტორის მოადგილემ მის შვილს ცემა, რაც არის სიცრუე. საქმე იმაშია, რომ ბავშვი საპირფარეშო ხევდა ტუალეტის ქაღალდებს. სკოლის დირექტორის მოადგილემ ეს ფაქტი შეამჩნია, წამოიყვანა ბავშვი საკლასო ოთახში და სკოლის დამრიგებელთან მიიყვანა. ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით 100 ადამიანის თვალწინ. ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ცემას ადგილი არ ჰქონია.თვითონ მშობელიც იქ იყო." - აცხადებს სკოლის დირექტორის ინტერესების დამცველი.

მშობელი კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. ინტერვიუში აღნიშნავს: „გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ვიწერდი დავალებებს, შემოვიდა სასწავლო ნაწილი და ბავშვი შემომიყვანა მაჯაში ხელმოკიდებული, ლამის ხელი მოსტეხა ბავშვს. ამის შემდეგ, მაღალი ტონით და ირონიით მეუბნება, რომ ეს ბავშვი ვისია? მე გავეცი პასუხი და ვუთხარი, რომ მე ვიყავი მისი დედა და რაში იყო საქმე. თურმე ბავშვი ფანჯარაზე ასულა და იქიდან ჩამოუსვია. მე ავუხსენი, რომ ბავშვი არის ჰიპერაქტიური და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს და მან მიპასუხა, რომ ბავშვისთვის მე თვითონ მიმეხედა, თუ არადა სოციალურ სამსახურს დაურეკავდა“, – ამბობს მშობელი ინტერვიუში.

სკოლის დირექტორის მოადგილისა და პედაგოგის ინტერესების დამცველი ადვოკატი კახა კალმახელიძე აცხადებს, რომ პოლიციას ფაქტზე გამოძიების ჩატარებაც კი არ დასჭირვებია, რადგან მოკვლევის შემდეგ, დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები