ახალი ამბები
სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორები გორში ადვოკატებს შეხვდნენ


მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების ფაქტებთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა ინსპექტორებმა გორში შეხვედრა გამართეს. ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და უფროსი კონსულტანტი თამარ დევდარიანი ,,დემოკრატიისა და ჩართულობის ცენტრში’’ იმყოფებოდნენ.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და და სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისადმი მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებსა და პროცედურებზე ისაუბრეს.

,,კანონმა ინსპექტორს დაუდგინა ის კრიტერიუმები და პრინციპები, რა პრინციპების დაცვითაც უნდა განახორციელოს საქმიანობა. ეს არის ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და საქმის ყოველმხრივ შესწავლის პრინციპი’’ - ამბობს თამარ დევდარიანი.

,,საიას’’ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის თქმით ,,აღნიშნულ საკითხს აქვს თავისი ხარვეზები. ის თუ რამდენად არის დამოუკიდებელი თვითონ ინსპექტორის სამსახური არსებული საკანონმდებლო სივრცის გათვალისწინებით’’.

,,მნიშვნელოვანია ამგვარი პრაქტიკა. თუმცა მიმაჩნია, რომ უფრო მეტი უფლემოსილება უნდა ჰქონდეს ინსპექტორს, რათა ჩვენ მივიღოთ მაღალი სტანდარტის სასამართლო’’ - ამბობს ადვოკატი ზაზა გიგაური.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი საქართველოში 2018 წლიდან არსებობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები უნდა გამოიძიოს. სამსახურის აპარატის ფუნქციებია:

დისციპლინური გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით დოკუმენტების პროექტების მომზადება; დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სხდომების მოწვევის ორგანიზება; სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკის წარმოება, მის განზოგადების უზრუნველყოფა და სხვა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები