ახალი ამბები
გორის პოლიციამ ის მოქალაქე დააკავა, რომელმაც იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა
4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს მოქალაქეს, რომელმაც გორის შს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა. ამის შესახებ მასალები qartli.ge-ს მიაწოდეს.

საქმის მასალების მიხედვით, მოწმეები პოლიციის თანამშრომლები არიან. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის განყოფილებაში იარაღის ჩასაბარებლად მივიდა, ის კი პირადი დაინტერესების გამო დააკავეს:

,,ეს დაკავება იყო პირადი დაინტერესება. მოსამართლეს ვთხოვთ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში ნებაყოფლობით მივიდა. ვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს" - აღნიშნავს ადვოკატი საჩივარში.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის მიერ დასახელებული გარემოებები და არსებითი განხილვის შემდეგ, დაკავებული პატიმრობაში დატოვა. გამოძიებას ზედამხედველობდა რაიონული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელთა ზედამხედველი პაატა კოდოშვილი.

,,ღამით, გ-ის რაიონის სოფელ ...-ში ჩ. ც-ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტსა და 9 მმ კალიბრიან 24 ვანზას, რაც მისგან ამოიღეს შს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე–5 განყოფილების თანამშრომლებმა, ამავე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში." - წერია ბრალდებაში, სადაც დადასტურებულია, რომ იარაღი ამოიღეს პოლიციის შენობაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები