ახალი ამბები
გორში ბრალდებულის ვაზნები მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აღმოჩნდა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მცხოვრები მოქალაქე გაამართლა. ბრალდებულს 49 ცალი ვაზნის შეძენა-შენახვაში ედებოდა ბრალი.

გორის პროკურატურის პროკურორი ორჯერ შეეცადა მოსამართლის დარწმუნებას, რათა გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, თუმცა უშედეგოდ.

მასალების მიხედვით, რომელიც qartli.ge-ს მიაწოდეს, ირკვევა, რომ ვაზნები ოჯახში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინახებოდა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, 7.62 მმ კალიბრიანი ვაზნები 1943 წელს გამოშვებული იყო.

ბრალის მიხედვით, ხ. ს-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალებს.

გამამართლებელი განაჩენი ჯერ გორის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 20 თებერვალს მიიღო. გორის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. ბრალდებულს ბრალი სრულად მოეხსნა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა ,,ოპერატიული ინფორმაცია" მიიღო იმის შესახებ, რომ მოქალაქე სახლში საბრძოლო მასალებს ინახავდა. შედგა ჯგუფი და იმავე საღამოს ხ.ს-ს სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ ოპერაციის თაობაზე ქარტლი.ჯი წერდა და ადვოკატი ზაზა გიგაური იმ პოლიციელების დასჯას ითხოვდა, რომელმაც ბრალდებულზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბრალდებულზე ძალადობის განხორცილების თობაზე პრეტენზია დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე მოხსნა, ხოლო სხეულზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის პასუხები პროცესზე აღარ გამოკვლეულა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები