ახალი ამბები
გორის პოლიციის გამოძიების შედეგი - ,,არასრულწლოვან გოგონას ტანსაცმელზე მამაკაცის ბიოლოგიური კვალი არ აღმოჩნდა"
მამაკაცი, რომელიც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ უდანაშაულოა. ამის შესახებ qartli.ge-ს ერთ-ერთმა ადვოკატმა აცნობა და საქმის მასალები გააცნო.

სასამართლოზე წარდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ გოგონასთან ფიზიკური კონტაქტის არსებობა ვერ დაადგინა.

განაჩენის მიხედვით, საქმეში ერთადერთ მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა გოგონას ჩვენება, რომლის საფუძველზეც, გორის საგამოძიებო ორგანომ (განყოფილების ხელმძღვანელი პაატა კოდოშვილი) პირი პასუხისგებაში მისცა.

,,მსჯავრდებულმა მოითხოვა გამართლება იმ მოტივით, რომ განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ გოგონას ჩვენებას. სხვა მოწმეების ჩვენებები კი ეფუძნება მხოლოდ მის მონაყოლს, რომლებიც ეწინააღმდეგება თავად დაზარალებულის ჩვენებას. გოგონას ჩვენებები კი ეწინააღმდეგება ასევე საქმეზე მტკიცებულებად წარმოდგენილ სასამართლო–სამედიცინო, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკების ექსპერტიზის დასკვნებს, ვინაიდან ისინი არ ადასტურებენ გოგონას მიერ აღწერილ ფიზიკურ კონტაქტს" - აღნიშნავს ადვოკატი.

ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ არ გაიზიარა, რადგან მისი აზრით, მართალია გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, თუმცა, მოსამართლის განმარტებით, სქესობრივი დანაშაულები, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით:

,,სასამართლო დაცვის მხარეს მიუთითებს, რომ სქესობრივი დანაშაულები არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით. ეს კი ლოგიკურია დანაშაულის ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან." - განმარტავს მოსამართლე გადაწყვეტილებაში.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები