ახალი ამბები
ნაბახტევის ეკლესიას, სადაც უნიკალური ფრესკებია, კონსერვაცია ჩაუტარდება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კედლის მხატვრობისა და ქვის საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ qartli.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, ნაბახტევის ეკლესიისთვის გამოყოფილია 70 000 ლარი.

ნაბახტევის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია XV საუკუნეში ჭითახევის ხეობის ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით აიგო. ამავე პერიოდს განეკუთვნება ტაძრის მოხატულობა, რომელიც მაღალმხატვრული ნიშნებითა და საინტერესო სტილისტულ-იკონოგრაფიული ნიშნებით გამოირჩევა.

XX საუკუნის დასაწყისში ძლიერი დაზიანებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნაბახტევის მხატვრობის გარკვეული ნაწილის, კერძოდ, დარბაზის მოხატულობისა და საკურთხევლის მხატვრობის რამდენიმე ფრაგმენტის ჩამოხსნის შესახებ. დღესდღეობით, მხატვრობის ყველა ეს ნაწილი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

რაც შეეხება მოხატულობის დარჩენილ ნაწილს, ტაძრის არქიტექტურის დაზიანებიდან გამომდინარე (წლების განმავლობაში, ნაბახტევის ეკლესია ჩამონგრეული იყო, აღარ არსებობდა გადახურვა) მხატვრობამაც საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო. 2013 წელს მომზადდა ნაბახტევის ეკლესიის მოხატულობისა და ქვის საკონსერვაციო სამუშაოების პროექტი. 2016 წელს კი დასრულდა ტაძრის არქიტექტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამ ეტაპისთვის, იგეგმება ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობისა და ქვის საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება.

ჩასატარებელია შემდეგი სახის სამუშაოები: საფუძველს მოცილებული ნალესობის კონსერვაცია; გაფხვიერებული ნალესობის რესტავრაცია; დიდი ბზარების ინექტირება ჰიდრავლიკური კირით და პოცოლონით; დიდი ბზარების შევსება; მცირე ბზარების შევსება; გაფხვიერებული და აქერცლილი ფერწერული ფენის კონსერვაცია; ფერწერული ფენის გაწმენდა, ზედაპირული, ბიოლოგიური და მარილის ნადებისგან; დელამინირებული და გაფხვიერბული ქვის კონსერვაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები