ახალი ამბები
ციციშვილების სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება
ციციშვილების საგვარეულო სასახლეს, რომელიც ქვემო ნიჩბისში მდებარეობს, რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სარესტავრაციო გეგმის შემუშავება დაიწყო.

სააგენტო დაიქირავებს კომპანიას, რომელიც ძეგლზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს და სარეაბილიტაციო პროექტს შეადგენს. პროექტის მიზანია კომპლექსის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა და გაცოცხლება.

სააგენტომ საპროექტო სამუშაოებისთვის 127 000 ლარი გამოყო. გამარჯვებული კომპანია 2019 წლის 11 მარტს გამოვლინდება.

,,ძეგლი ძალზედ მოუვლელი და მიტოვებულია. წარმოადგენს მცხეთა-გორის შუალედს. სკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მონაკვეთი სრულებით აუთვისებელია. წარმოდგენილი პროექტით, იქმნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს დაუკავშირდება. თავად ისტორიული ციხის კომპლექსი, საკმაოდ მასშტაბური ტერიტორიით სრულ შესაძლებლობას იძლევა მასში ხელოვნების (თუნდაც თანამედროვე) ცენტრის მოწყობის. შესაძლებელია დაიგეგმოს საზაფხულო ბანაკები, ფესტივალები, ვორკშოფები, ლექციები, გამოფენები თუ სხვა აქტივობები, სადაც არამხოლოდ სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთვება მასში. ამავდროულად სამომავლო განვითარებისაში აქტიურად ჩაერთვება თავად სოფელი, რაც ხელს შეუწყობს არამხოლოდ მის სოციალურ გააქტიურებას, არამედ ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობიც გახდება." - აღნიშნულია სააგენტოს მიერ წარმოდგენილ განაცხადში.

ძეგლის შესახებ

სოფელ ქვემო ნიჩბისში მდებარე ციციშვილების არქიტექტურულ კომპლექს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის მაისში მიენიჭა, სტრუქტურულად სამხრეთის ნაწილში განლაგებულ სასახლეს, ორსართულიან საცხოვრებელ კოშკს, აბანოს, მრგვალ კოშკს, ციციშვილების საგვარეულო სასაფლაოს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობასა და აფთიაქს მოიცავს.

ციხე-დარბაზი XVII საუკუნის ძეგლია. 1615 წელს ნიჩბისის სასახლე მეფე ლუარსაბ II-მ ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უბოძა, რომელთაც მომდევნო წლებში ციხე-დარბაზი ააგეს. ციხის ტერიტორიის სამხრეთით მდებარეობს ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი-სასახლე, რომლის უმეტესი ნაწილი ამჟამად დანგრეულია. XX საუკუნის 40-იან წლებში სასახლის ნაშთებზე განხორციელდა დაშენება, სადაც სოფლის სკოლა ფუნქციონირებდა.

გასული საუკუნის მეორე ნახევარში ციხე-დარბაზის გალავანს, აბანოს, საბრძოლო კოშკსა და „მრგვალ“ კოშკს ეტაპობრივად უტარდებოდა რესტავრაცია. კომპლექსის ობიექტებზე განხორციელდა სარეკონსტრუქციოსარესტავრაციო სამუშაოები. ნაგებობების უმეტესობა გადაიხურა, ნაწილობრივ მოეწყო სართულშუა გადახურვები,
ზოგიერთი ნაგებობა რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გამაგრდა, რამდენიმე დაიშალა და ხელმეორედ გადაეწყო.

დღეისათვის კომპლექსის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საჭიროებს სარეაბილიტაციოსაკონსერვაციო სამუშაოების განახლებას
Print

სტატიის გამოყენების პირობები