ახალი ამბები
,,რიტუალების სახლის თანხა ,,პრარაბმა" კაზინოში წააგო" - ჩობალაურში მუშები ხელფასს ითხოვენ


სოფელ ჩობალაურში სარიტუალო სახლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასი არ მისცეს. ამის შესახებ qartli.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს. ოთარ მაჭარაშვილის თქმით, სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ თანხა სავარაუდოდ ტოტალიზატორში წააგო.

,,ეს რიტუალების სახლი რამდენიმე წელია შენდება. რაც ეს შენდება, რაიონში სამი გამგებელი გამოიცვალა. ბოლოს ბეტონი დაასხეს იატაკზე. ჩვენი სოფლიდან 6 კაცი მუშაობდა. არც ერთს ფული არ მისცეს. ,,პრარაბი" ჩამოვიდა და გვითხრა, რა ვქნა ,,დავიწვიო" და თუ გინდა მომკალითო. ფულს ვერ მოგცემთო. როგორც გავიგეთ, კაზინოში წაუგია ფული" - აცხადებს ოთარ მაჭარაშვილი.

ეს სოფელი ავტობანის სიახლოვეს მდებარეობს. სოფლის ნაკვეთები გამყოფ ხაზთან გადის. გამყოფი ხაზი, რუსეთის სამხედროებმა, ავტობანიდან დაახლოებით 300 მ მოშორებით გაავლეს.

სოფელ ჩობალაურში სარიტუალო სახლის მშენებლობა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ბოლოს, სამუშაოები 2016 წელს გაგრძელდა. 2016 წელს მუნიციპალიტეტს პროგრამის ფარგლებში გამოეყო 993.7 ათასი ლარი. 2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ დაუხარჯავი დარჩა 555.5 ათასი ლარი.

2019 წლიდან სოფლის მხარდამჭერი პროგრამა აღდგა. სოფელ ჩობალაურს წელს ნაცვლად 5 ათასი ლარისა, 10 000 ლარი შეხვდა. სოფლის კრება შედგა, თუმცა, მოსახლეობა ამ შეხვედრას კრებას არ უწოდებს. როლანდ ქასოშვილის თქმით, აზრი ორად გაიყო:

,,ნაწილი ითხოვდა, რომ გზები მოხრეშილიყო, ნაწილი კი, ამ რიტუალების სახლის დამთავრებას ამჯობინეს. ვერ შევთანხმდით. გამგებელმა თქვა, რომ ჩვენ გადავწყვეტთო." - აცხადებს როლანდ ქასოშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები