ახალი ამბები
,,ატოს" და ,,იურჩიკას" ამბავი ატოცში
ატოცში მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებს რუსი სამხედროების ძაღლი დაუმეგობრდა. ძაღლმა გამყოფი ხაზი გადაკვეთა და საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო პატრულის წევრებთან მივიდა.

თეთრ ძაღლს დავით ქაცარავამ და მოძრაობის სხვა წევრებმა იურჩიკა დაარქვეს. მათ, ატოცთან გაშლილ კარვებში, ჰყავთ ასევე გერმანული ჯიშის ძაღლი, რომელსაც ,,ატო" ჰქვია. დავით ქაცარავას თქმით, სახელი ატო სპეციალურად შეარჩიეს:

,,პირველ რიგში, სახელი ,,ატო" იმ ადგილს უკავშირდება, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სოფელ ატოცში და სადაც რუსულ ოკუპაციას ვებრძვით. არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაც ვუწოდეთ ჩვენს ძაღლს ატო. მოგეხსენებათ, უკრაინაც ებრძვის რუსულ ოკუპაციას თავის ტერიტორიაზე და ეს სახელწოდებაც დაკავშირებულია უკრაინულ სიტყვასთან - ა-ნტი ტ-ერორისტული ო-ოგანიზაცია." - აცხადებს დავით ქაცარავა.

გუშინ, 10 მარტს, ატოცში ცხოველთა დამცველები იმყოფებოდნენ. მათ თან ვეტერინარები ახლდათ, რომლებაც ძაღლებს ვაქცინა გაუკეთეს. კლინიკა მარკოს ხელმძღვანელის, ირმა მთიულიშვილის თქმით, რამდენიმე კომპანიამ ძაღლებისთვის ცხოველთა დამცველებს საკვებიც გაატანა.

p.s რეპორტაჟის მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ,,იურჩიკა" რუსმა სამხედროებმა კვლავ დაიჭირეს. ,,ძალა ერთობაშიას" წევრები შიშობენ, რომ სამხედროები ძაღლს ცუდად მოეპყრობიან.



Print

სტატიის გამოყენების პირობები