ახალი ამბები
გორში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019 წლის სამოქმედო გეგმა საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის გენდერის მედიაცენტრი ავრცელებს.

მედიაცენტრის წარმომადგენლის ნათია ომაძის განცხადებით, ეს ფაქტი გორის ისტორიაში პირველია

პროექტზე გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ იმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით. გეგმის შედგენა ევროკავშირის დახმარებით მოხდა, პროექტის ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში.

გეგმის მიხედვით სხვადასხვა აქტივობებია განსაზღვრული, რომლებიც სამ მთავარ მიზანს ემსახურება: ოხდეს, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების და ეფექტური ფუნქციონირების გაძლიერება მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, ასევე ქალთა გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გაეროს რეზოლუცია N1325-ის იმ საკითხებსაც, რომელიც გადაწყვეტილებებში ქალთა მონაწილეობას, კონფლიქტის პრევენციას და მასში ქალთა საჭიროებების გათვალისწინებას, ომის შედეგად დაზარალებული ქალების და ბავშვების დაცვას, დახმარებას და რეაბილიტაციას გულისხმობს. აღნიშნული საკითხების წინ წამოწევას იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ ,,თანხმობა“ შეუწყო ხელი.

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტისთვის ახალია, ის ცოცხალი დოკუმენტი იქნება და მისი სრულყოფა და განახლება მუდმივად მოხდება, ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. განმარტავენ რომ ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ეცდებიან დროთა განმავლობაში ხელი შეუწყონ მუნიციპალიტეტში ქალთა ჩართულობის გაძლიერებას, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირებას და თანასწორობის უზრუნველყოფას მუნიციპალიტეტში.

პარალელურად პროექტის ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში მუშავდება 2020-2022 წლების გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაც, რომლის დამტკიცებაუახლოეს ხანში მოხდება
Print

სტატიის გამოყენების პირობები