ახალი ამბები
ქალი, რომელიც გორში პოლიციელს უჩივის, დაზარალებულად ცნეს
გორის პროკურატურამ რიტა აბალაკი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ qartli.ge-ს თავად დაზარალებულმა აცნობა.

მისი თქმით, ფაქტის გახმაურების შესახებ, პროკურატურამ გამოძიება განაახლა. საიპოთეკარო ბიუროში რიტა აბალაკის თავისუფლების სავარაუდო უკანონო აღკვეთის შესახებ ინფორმაცია qartli.ge-ზე გამოქვეყნდა.

დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ფლობს, რომელიც რიტა აბალაკის ინტერესებს იცავს.

შეგახსენებთ, რიტა აბალაკი გორის შს სამმართველოს თანამშრომელს შერი კაპანაძეს უჩივის. ქალბატონის განცხადებით, შერი კაპანაძემ იგი საიპოთეკარო ბიუროში ჩაკეტა და საქირავნო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას აიძულებდა. რიტა აბალაკს უნდა ეღიარებინა, თითქოსდა პოლიციელის მშობელზე გადაფორმებულ ბინაში ქირით ცხოვრობს.

პოლიციელის დედა სახლიდან რიტა აბალაკის გამოსახლებას ითხოვს. რიტა აბალაკმა სახლი იურიდიულად 2016 წელს დაკარგა, როდესაც ფული საიპოთეკარო ბიუროდან ისესხა. მან სესხის სანაცვლოდ სახლი სამი თვით იპოთეკარზე გადააფორმა. იპოთეკარმა კი სახლი სხვას ერთ თვეში ,,მიჰყიდა". ბინას უკვე მეოთხე მფლობელი ჰყავს.

იხ. უფრო ვრცლად:

გორელი მოქალაქე პოლიციელ შერი კაპანაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებს ბრალს
Print

სტატიის გამოყენების პირობები