ახალი ამბები
ჟუჟუნა ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილადან
ჟუჟუნა ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი სოფლის შესასვლელში დგას. ოსურ სოფელ ორჭოსნის მხარეს მიწის ნაკვეთებს ამუშავებს, საიდანაც კიდევ ერთი ოსური სოფელი ზემო ყური ჩანს.

,,არ ვიცი, რატომ ჰქვია ზემო ყური, მაგრამ ალბათ მთის ფერდობებს შორის რომაა შეყუჟული, იმიტომ" - ამბობს ხუმრობით, თუმცა დედულეთის ხსენებაზე, თვალებში სევდა ჩაუდგა.

ინტერვიუ იმ ადგილზე ჩავწერეთ, საიდანაც ორჭოსანი და ზემო ყური ხელისგულივით ჩანს. ამბობს, რომ დღეს მთელი სოფელი ალან მარღიშვილის დაკავებაზე ფიქრობს. 35-წლის მამაკაცი გუშინ საღამოს ახლობელთან, გიორგი ჩიტიშვილთან ერთად რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ჩიტიშვილი ყარაფილას მეზობელ სოფელ ზადიანთკარიდანაა.

,,აქ გარშემო რა სოფლებსაც ხედავთ, ქართულსაც და ოსურსაც, ერთ დროს, ყველა ერთი ოჯახივით ვიყავით. დღეს ჩვენ შორის, რუსი სამხედროები დგანან. მეც დაკავებული ვიყავი. დავინახე, რომ ამ ე.წ. საზღვართან იქაური მაღალჩინოსნები იყვნენ მოსულები. მივედი ახლოს და ვუთხარი, როდემდე უნდა იყოთ აქ და არ უნდა ატარებდეთ ხალხს თავის ნათესავებთან-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, მაშინვე მიპასუხეს - დაკავებული ხართ, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვისო." - ამბობს ჟუჟუნა ვაზაგაშვილი.

ის ჯერ ორჭოსნის საგუშაგოზე მიიყვანეს, შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს. ,,გადავიხადე ჯარიმა და გამომიშვეს." - იხსენებს ქალბატონი ჟუჟუნა. თანხის გადახდის პროცედურებზე საუბარი არ სურს.

ყარაფილაში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში გავლისას რამდენიმე ადამიანს შევხვდით. ,,აქაურებს თითქმის ყველას ნათესავები გვყავს იქით სოფლებში. ვინც კი შეეცადა ნათესავებთან გადასვლას, დააკავეს. ეს რაც ხდება ჩვენს თავს, წარმოუდგენელი ამბავია. დედა იქით გყავდეს, და იქით გყავდეს, ბიძაშვილი იქით გყავდეს - როგორ უნდა მოითმინო?" - ყარაფილაში თითქმის ყველა ოჯახში ეთნიკური ოსია.


 


Print

სტატიის გამოყენების პირობები