ახალი ამბები
ცხინვალი ეხმაურება დავით ქაცარავას მიერ დიდ ხურვალეთში დაგეგმილ აქციას
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვით, სამოქალაქო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერს და სხვა წევრებს, ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, დაკავებით ემუქრება.

ამის შესახებ განცხადებას ოსური მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, 15 მარტს, ხურვალეთთან დაგეგმილი აქცია, მათი დაკავების წინაპირობაა: ,,პროვოკატორთა მთავარი ამოცანაა, რომ დაკავების წინაპირობები შექმნან და ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში." - აცხადებს არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი.

ცხინვალის პროტესტს ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი ეხმაურება და აცხადებს, რომ 15 მარტს დაგეგმილი აქცია მშვიდობიანი პროტესტია და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს:

,,ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენ ხურვალეთლებს დავეხმარებოდით მიწის დამუშავებაში, რომელიც დღეს ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას ეკუთვნის. ჩვენ განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საოკუპაციო-სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. "კგბ". ამ განცხადებაში პირდაპირ იკითხება პროვოკაციის მოწყობის მუქარა. ასევე, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ამ განცხადებაში ამოკითხული სერიოზული პროვოკაციის საშიშროება დაგვიდასტურეს. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, ჩვენი მოქალაქეების ბაღების მიმდებარედ დაწესდეს პოლიციის 24 საათიანი პატრულირება, ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს ამ მოქალაქეებისთვის ბაღების(ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორია) დამუშავების პროცესში და უზრუნველყოს ხურვალეთლებისთვის ზემოთხსენებული ბაღების უსაფრთხოდ დამუშავება." - აცხადებს დავით ქაცარავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები