ახალი ამბები
ხურვალეთის წარმომადგენელი: ,,რუსი სამხედროები იმ ნაკვეთებთან დგანან, სადაც აქცია უნდა გამართულიყო"
რუსი სამხედროები იმ ნაკვეთებთან დგანან, სადაც მოძრობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრები მუშაობას აპირებდნენ. ამის შესახებ ხურვალეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ირინა მაყიშვილი qartli.ge-ს ესაუბრა.

მისი თქმით, სამხედროები სავარაუდოდ ნაკვეთს აკონტროლებენ.

,,მავთულხლართები გადის ქუჯოშვილისა და ბატონისაშვილის ნაკვეთებში. რუსები სწორედ იქ გაჩერდნენ. ჩემი ინფორმაციით, სწორედ, ეს ნაკვეთები უნდა დაემუშავებინათ ქაცარავას და ამ ორგანიზაციის სხვა წევრებს. სხვა მხრივ სოფელში სიმშვიდეა. პოლიცია მოძრაობს" - აცხადებს ირინა მაყიშვილი.

ადგილობრივების ცნობით, სოფლის ტერიტორიაზე სიმშვიდეა. ამის დასტურად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ხურვალეთში ერთი გარდაცვლილია და იმ ოჯახში ხალხი სამძიმრად მიდის.

შეგახსენებთ, დღეს დილით, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა ხურვალეთში გადმოვიდნენ და შესასვლელში დადგნენ.

გუშინ, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ 15 მარტს იმ მიწის ნაკვეთების დამუშავებას აპირებდნენ, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ამის საპასუხოდ ოსურმა მედიამ განცხადება გაავრცელა და ფაქტი პროვოკაციად შეაფასა. ცხინვალის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეები შეეცდებოდნენ საზღვრის დაცვას.

,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების შესახებ, ქართული პოლიცია გაფრთხილებული ჰყავდათ. ხურვალეთის შესასვლელთან კი, პოლიცია სოფელში ჯერ არავის უშვებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები