ახალი ამბები
ხურვალეთში ჭირისუფლებს საფლავის მოწესრიგების საშუალება მიეცათ
სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ იმ ჭირისუფლებს, რომლებსაც სახლში მიცვალებული უსვენიათ, სასაფლაოს მოწესრიგების საშუალება მისცეს. ამის შესახებ qartli.ge-ს ადგილობრივმა მკვიდრმა განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ, ხოლო სოფლის მცხოვრებლებს დღეს მისასამძიმრებლად პრობლემები არ შექმნიათ.

,,დღეს რომ სოფელში რამე საშიშროება ყოფილიყო, ბობნევიდან (ხურვალეთის განაპირა მხარე დასავლეთით) გადმოვიდოდა ოთხი ოჯახი მისასამძიმრებლად? ეს ოჯახები დათა ვანიშვილის სახლის სიახლოვეს ცხოვრობენ. იყვნენ სამძიმარზე და უკან დაბრუნდნენ. ასევე ჭირისუფლებს საშუალება მიეცათ საფლავის მოსაწესრიგებლად ასულიყვნენ ეკლესიის ტერიტორიაზე. იქ ყოველთვის პოლიციის თანხლებით ავდივართ" - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა.

ეკლესია და სასაფლაო სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე და ოსურ სოფელ ორჭოსანისკენ მიმავალ გზის სიახლოვეს მდებარეობს.

დღეს, სხვადასხვა წყაროებით, სოციალურ ქსელში მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ, ხურვალეთში რუსი სამხედროების შესვლის თაობაზე, ინფორმაცია გაავრცელა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სამხედროები მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებს აკონტროლებდნენ, რომლის დამუშავებას სამოქალაქო მოძრაობის წევრები აპირებდნენ.

დავით ქაცარავამ მიწის დასამუშავებლად ხურვალეთში წასვლა 15 მარტისთვის გადაწყვიტა და ეს ამბავი 13 მარტს დააანონსა. 14 მარტს კი, ოსურმა მედიამ მოსალოდნელ პროვოკაციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნეს, რომ ვინც ე.წ. საზღვარს მიუახლოვდებოდა, მას მესაზღვრეები აუცილებლად დააკავებდნენ.

საუბარია ქუჯოშვილის და ბატონისაშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე, სადაც გამყოფი ხაზი გადის და მავთულხლართებია გავლებული. ამ ოჯახის წევრებს საკუთარი ნაკვეთების დამუშავების უფლება არ აქვთ.

იხ. ამავე თემაზე:

წითელი პარასკევი ხურვალეთში (რეპორტაჟი)
Print

სტატიის გამოყენების პირობები