ახალი ამბები
ხურვალეთთან აქციის მონაწილეთა ნაწილი დარჩა - ხვალ სოფელში პოლიციის დახმარებით შევლენ
სოფელ ხურვალეთის I საგუშაგოსთან სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი დარჩა, ნაწილმა კი, ტერიტორია დატოვა.

,,ძალა ერთობაშიას" წევრების განცხადებით, ისინი სოფელში ხვალ შევლენ, რომლის პირობა პოლიციისგან  მიიღეს.

პოლიციის I საგუშაგო დიდი ხურვალეთიდან რამდენიმე კმ მანძილზეა დაშორებული და ავტობანთან მდებარეობს. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც დღეს, ჟურნალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში სოფლისკენ არ გაუშვეს.

ქრონიკა:

13 მარტი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 15 მარტს, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთს დაამუშავებს. ამისათვის, მან სამართალდამცავებს უსაფრთხოების ზომების მიღება სთხოვა.

14 მარტი:

ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვით, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრები პროვოკაციას და ე.წ. საზღვრის გადაკვეთას გეგმავენ. დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ისინი მზად იყვნენ ე.წ. საზღვარი დაეცვათ და ნებისმიერი პირი, ვინც ამ ხაზს გადაკვეთდა, დაპატიმრებული იქნებოდა.

15 მარტი

შუადღეს, 13 საათზე ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: ,,sos, ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და დაიკავეს სოფლის შესასვლელი"

13:20 წთ-ზე ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა მხარდამჭერებს ხურვალეთში წასვლისკენ მოუწოდა. ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ხურვალეთის I საგუშაგოსთან გზა გადაკეტილი დახვდათ.

ადგილობრივების კომენტარები:

პარალელურად, qartli.ge უკავშირდება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ შორის, სკოლის პედაგოგებს. სკოლა გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარეობს. პედაგოგი ზიზი კურმაშვილი აცხადებდა, რომ სასწავლო პროცესმა ისე ჩაიარა, რომ არც პედაგოგებს და არც მოსწავლეებს რუსი სამხედროები სოფელში შესული არ უნახავთ.

qartli.ge ასევე დაუკავშირდა სოფლის წარმომადგენელს ირინა მაყიშვილს, რომლის განცხადებით, სოფელში რუსი სამხედროები არ შესულან; ისინი მხოლოდ იმ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, სადაც სავარაუდოდ დავით ქაცარავას მიწის დამუშავება ჰქონდა გადაწყვეტილი.

17 საათზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ხურვალეთის საგუშაგო ჟურნალისტებისთვის გაიხსნა. მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.

სოფლის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი მოსახლეობა აცხაადებდა, რომ პანიკა უსაფუძვლოდ შექმნეს. რამდენიმე მათგანი რუსი სამხედროების პატრულირებას ყოველდღე ხედავს, თუმცა დღეს განსაკუთრებული მათთვის არაფერი მომხდარა.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დაახლოებით 16 საათზე განცხადებაც გაავრცელეს:

,,ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად." - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები