ახალი ამბები
გორის დეპუტატის კომპანიის მუშებს ნაძვის ხეების გადაბელვის გამო დაუპირისპირდნენ
გორში, კომბინატის მოსახლეობა კომპანია ,,იბოლიას" მუშებს დაუპირისპირდნენ. ამის გამო, გორგასლის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს.

პატრულის თანამშრომლებმა სიტუაცია განმუხტეს, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება მაინც გაგრძელდა. კომბინატელები გორის დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიის თანამშრომლებს ეჩხუბნენ.

გორგასლის ქუჩის მცხოვრებლები ნაძვის ხეების გადაბელვის ფაქტს აპროტესტებდნენ. ამის ამსახველი ფოტოები qartli.ge-მ გადაიღო. რამდენიმე ქალბატონმა მუშებს ცული წაართვა:

,,ამ ცულს ავიღებ და ძირში მოგაჭრი" - მიმართეს მუშებს.



გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, გორგასლის ქუჩაზე ხეების გადაბელვის შესახებ, ნებართვა არაა გაცემული.

,,ჩვენ მხოლოდ აღნიშნულ მონაკვეთზე კომპანიას საგზაო სამუშაოები დავუკვეთეთ. ფაქტის შესახებ რაიმე ცნობა მერიაში არაფერი მოსულა" - აცხადებს პრეს-სამსახური.

გორგასლის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოებზე ტენდერი 7 მარტს დამთავრდა. ,,იბოლიამ" 749 000 ლარად გაიმარჯვა. ტენდერზე გათვალისწინებული იყო 757 090 ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები