ახალი ამბები
კასპის მერიაში შტატგარეშე თანამშრომლებს პრემია უქმე დღეებზე მისცეს
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში, პრემია შტატგარეშე მოსამსახურეებზე უქმე დღეებზე გასცეს. საუბარია ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებულ სიტუაციაზე, რომლის შესახებაც, მერიის იურიდიულმა სამსახურმა შენიშვნები 2019 წლის თებერვალში მიიღო. მერიას სისტემის შეცვლა მოსთხოვეს.

ცნობილი ხდება, რომ მუნიციპალიტეტში შტატგარეშე მოსამსახურეები მთელი წლის განმავლობაში იყვნენ დაქირავებულები. მათთვის გაცემულმა საპრემიო თანხამ საერთო ჯამში - 64.6 ათას ლარს მიაღწია.

სპეციალისტები თვლიან, რომ შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება განსაზვრულ პერიოდით უნდა იყოს გათვლილი. კერძოდ:

,,ხელშეკრულებები ძირითადად მოქმედებს მთელი წლის პერიოდისათვის და დაქირავებულის ფუნქცია შტატით განსაზღვრული თანამდებობების ანალოგიურია. კერძოდ, ითვალისწინებდა ისეთ მუდმივ საქმიანობას, რაც მუნიციპალიტეტის ძირითადი საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული წინააღმდეგობაშია შტატგარეშე მოსამსახურის დაქირავების პრინციპთან." - აღნიშნულია სარეკომენდაციო წერილში.

,,სპეციალისტთა ჯგუფი შეუსაბამოდ მიიჩნევს შტატგარეშე მოსამსახურეების პრემირებას უქმე დღეებთან დაკავშირებით. აღნიშნული არ არის განპირობებული დაქირავებულის საქმიანობის ხარისხით და სირთულით. წლის განმავლობაში ერთი და იმავე დავალების შესრულებისათვის შესაძლებელია დაქირავებული იყოს რამდენიმე შტატგარეშე მოსამსახურე. დროებით დაქირავებულ პირზე პრემია არ უნდა გაიცემოდეს ავტომატურად, როცა არ არსებობს შესაბამისი საფუძველი, რაც მოვალეობის შესრულებას უკავშირდება." - აღნიშნულია იურიდიულ სამსახურში დაცულ დოკუმენტში.

იურიულმა სამსახურმა მიიღო რეკომენდაცია იმის თაობაზეც, რომ შრომითი ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, რაც კონკრეტულად იქნება დადგენილი ხელშეკრულების პირობებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობისოპტიმიზაციას და საბიუჯეტო თანხების რაციონალურ გამოყენებას.

პრეს-სამსახურის ცნობით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტი განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს. ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა მერმა და ადმინისტრაციის უფროსმა. მერის პირველი მოადგილე კი დღეს 1-კვირიან შვებულებაში გავიდა. მისი თქმით, სარეკომენდაციო დოკუმენტს არ იცნობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები