ახალი ამბები
,,გვეგონა, საღამოს უკან დავბრუნდებოდით" - დევნილი პედაგოგები დიდი ლიახვის ხეობიდან
ვენერა მაღალდაძე 37 წელია სკოლაში ასწავლის. აქედან 11 წელი გორის მეორე საჯარო სკოლაში მუშაობის სტაჟია. მან მშობლიური სოფელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა და მუშაობა გორში გააგრძელა.

კოტეჯში 86-წლის მამიდას, ასევე, ყოფილ პედაგოგს ნინო მაღალდაძეს უვლის. მშობლიური სოფლის და სკოლის მოგონებები ყოველდღიურად აწუხებთ. კეხვის ციხეს, სკოლას, კაშხალს - გადარჩენილ ფოტოებზე ხედავენ, რომელიც ჩარჩოშია ჩასმული.

მათთვის ყველაზე მწარე მოგონება მაინც მშობლიური სახლის დატოვება რჩება:

,,როცა უკვე სახლის დატოვება გადავწყვიტეთ, წიწილები მყავდა ყუთში. ჩემ მეუღლეს ვუთხარი, ნიკო, რა ვუყოთ ამ წიწილებს-მეთქი. გადმოსვი და ყუთი გადააბრუნეო. მერე საქონელი შევრეკე ბოსელში და დავაბი. მივიდა ჩემი მეუღლე, აუშვა, გადაჰკრა სახრე და გაუშვა. ოთხი სული საქონელი გვყავდა. ვეუბნებოდი, ორ დღეში დავბრუნდებით და მერე სადღა ვეძებოთ-მეთქი. ვეტექიმი იყო ჩემი მეუღლე, თამარაშენის მებოცვრების ფერმაში მუშაობდა" - იხსენებს ვენერა მაღალდაძე.

ნინო მაღალდაძე კი, რომელიც დღეს 86-წლისაა, ომის დაწყების დღეებში, სოფლის დატოვებას არ აპირებდა:

,,იმ დღით ეზოს ვგვიდი. გამოიარა ჩემმა მეზობელმა, რას აკეთებო, ბომბები ცვივა და ეზოს დარდი გაქვსო? დავაგდე ცოცხი და გამოვიქეცით. მეგონა, საღამოს დავბრუნდებოდით სახლში, მაგრამ ვინ დაგვაბრუნა?" - ამბობს ნინო მაღალდაძე. მას შემდეგ თავის დარდები მოხუც ქალბატონს ქაღალდზე გადააქვს. მას შემდეგ 4000-ზე მეტი საღამო გავიდა. წაიკითხეთ ამავე თემაზე ჩანაწერი ნინო მაღალდაძის დღიურიდან

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები