ახალი ამბები
ატენში ,,ჩირახის წყლის" მოსაძებნად ახალი ტენდერი გამოცხადდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ არ დასრულებულა. ე.წ. ჩირახის წყლის მოსაძებნად მერია ახალ კომპანიას დაიქირავებს.

ტენდერი, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამ საკითხზე ის გუშინ ატენელებს შეხვდა.

,,ჩირახის წყალი" - ეს არის სათავე, სადაც ბუნებრივი წყლები მთის ფერდობებიდან გამოდის. 2016 წელს გადაწყვიტეს, რომ ,,ჩირახის წყალთან" ახალი შემკრები რეზერვუარი დაემონტაჟებინათ.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გრუნტის წყალი რეზერვუარის შესავსებად საკმარი არაა. მერია აცხადებს, რომ გრუნტის წყალმა მიმართულება შეიცვალა და დაიკარგა, რომელიც საგზაო დეპარტამენტის სამუშაოებმა გამოიწვია. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გრუნტის წყლის დაკარგვა საგზაო სამუშაოებს არ გამოუწვევია.

qartli.ge წერდა, რომ ატენის მოსახლეობას დღეს სასმელი წყალი გრაფიკით, თითო უბანს 3 დღეში ერთხელ მიეწოდება. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე წყლის დებეტი უფრო მეტი იყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები