ახალი ამბები
ავტობანზე გლეხები საგზაო დეპარტამენტის მუშებს დაუპირისპირდნენ
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე გარემოვაჭრეები საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

არადეთის გადასახვევთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კომპანია ,,როუდ კონსტრაქშენის" მუშებს ბორდიურების მონტაჟის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხილით 10-მდე სოფლის წარმომადგენელი ვაჭრობს, ხოლო რკინის კონსტრუქციების მონტაჟით, მათ არსებობის საშუალება მოესპობათ.

საგზაო დეპარტამენტის მიერ დაქირავებულმა კომპანიის მუშებმა დასახმარებლად საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მოსახლეობამ კი, მერიას მიმართა. არადეთის გადასახვევთან მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი მივიდა. გულიაშვილმა მუშებს განუცხადა, რომ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ მისცემდა, რადგან მოლაპარაკებას საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან აწარმოებს.

,,ვერ გააგრძელებთ მუშაობას, სანამ საგზაო დეპარტამენტიდან პასუხი არ მომივა!" - უთხრა ზაზა გულიაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს. 

მერმა  საქმის კურსში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი ჩააყენა, რომელსაც განუცხადა, რომ გლეხების სავაჭრო ადგილი საპატრულო პოლიციამ და ,,როუდ კონსტრაქშენის" მუშებმა უკვე დატოვეს. გულიაშვილი კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როდესაც საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები