ახალი ამბები
გამოკითხულთა 71% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას
გამოკითხულთა 71%-ის განცხადებით, რეფერენდუმის შემთხვევაში, მხარს დაუჭერდა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის შესახებ დღეს გორის საინფორმაციო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

კვლევის მიხედვით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა მაქსიმალური წილი ახალგაზრდებს შორისაა (77%). აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის წილი ასაკის ზრდასთან ერთად კლებულობს, თუმცა, ეს წილი 74 წელს გადაცილებულ მოსახლეობას შორის 57%-ია, რაც დაბალ მაჩვენებლად ვერ ჩაითვლება.

პრეზენტაციაზე აღნიშნეს ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირს უფრო ენდობა, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგალითად:

ევროკავშირს ენდობა 44%, მათგან 12% აფიქსირებს სრულ ნდობას; გამოკითხულთა 31% ნაწილობრივ ენდობა ევროკავშირს; უნდობლობა დააფიქსირა გამოკითხულთა 16%-მა.

,,ისინი, ვინც ევროკავშირს ენდობიან, უფრო დადებით დამოკიდებულებას აფიქსირებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ" - განაცხადა ნათია ნადირაძემ.

შეგახსენებთ, გორის საინფორმაციო ცენტრი - შიდა ქართლის ჰაბის ინიციატივით გაიმართა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციის და ბიზნესკომპანიების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის პრეზენტაცია, რომელიც წარადგინა გორის საინფორმაციო ცენტრის პროექტების მენეჯერმა ნათია ნადირაძემ.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი მუშაობისადმი, ევროკავშირისადმი, ასევე - ბიზნესკომპანიებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი. კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს „კონრად ადენაუერის ფონდი“ შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ (CSI), „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი“ (CTC), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარებსი ცენტრი“ (CSRDG), „განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“ (EDEC).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები