ახალი ამბები
რა ვალდებულებები ეკისრებათ მსხვილ საწარმოებს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან
2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მსხვილი საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კომპანიებს, რომელთა შემოსავალი 2-დან 20 მლნ ლარამდე მერყეობს, ფინანსური დოკუმენტაციას წარდგენა აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წინაშე ევალებათ.

ამ საკითხზე განმარტება გორის ბუღალტერთა ასოციაციის ხელმძღვანელს თამარ ედიშერაშვილს ვთხოვეთ:

თამარ ედიშერაშვილი:

,,საქართველოში 2017 წლიდან ძალაში შევიდა კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომელიც ბუღალტრული საქმიანობის და აუდიტის ზედამხედველობას ისახავს მიზნად. ანუ, ამ სფეროში მომსახურების სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო მოთხოვნებს, ხოლო დასაქმებულების პროფესიული დონე და ობიექტების ფინანსური დოკუმენტაცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

პირველ რიგში, ეს არის ის, რომ საწარმოებში (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რადგან ისინი სხვა რეგულაციებს ექვემდებარებიან) უნდა დაინერგოს IFRS for SMEs-სტანდარტი (მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სტანდარტებს ნიშნავს). ამისთვის საწარმოები დაიყო - І, ІІ, ІІІ, და ІV კატეგორიად.

კატეგორიის განსაზღვრისთვის შეფასების სამი კრიტერიუმია: აქტივების ღოირებულება, შემოსავლების ოდენობა და დასაქმებულების რაოდენობა.

ІІІ კატეგორიას განეკუთვნება საწარმოები, რომელიც 2-დან 20 მლნ-მდე ბრუნვას უნდა აფიქსირებდეს, აქტივები უნდა ჰქონდეს 10 მილიონამდე და დასაქმებული უნდა ყავდეს 50 კაცამდე. თუ ამ სამიდან 2 -ს მაინც აკმაყოფილებს, ევალება 2019 წლის 1 ოქტომბერს ფინანსური დოკუმენტაცია, ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი და ა.შ, ატვირთოს ზედამხედველობის სამსახურის ვებ.გვერდზე saras.gov.ზე.

ასევე მეოთხე კატეგორიას გამარტივებული აქვს დოკუმენტების შედგენის პროცესი, მაგრამ ისიც ვალდებულია ატვირთოს დოკუმენტაცია. ამ კატეგორიას 2 მლნ-მდე (ზედა ჭერი) უნდა ჰქონდეს შემოსავლები, 1 მლნ-მდე აქტივები და 10 კაცამდე დასაქმებულები.


თუ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის ჯარიმა 1000 ლარია, ხოლო მეოთხე კატეგორიისთვის 500 ლარი, რომელიც მერე ორმაგდება. ჯარიმის გარდა, რასაკვირველია, რისკის ჯგუფში მოექცევიან, როგორც ურჩები.

ეს მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, ბუღალტრებმა სწავლება თუ არ გაიარეს. მე გადავემზადე მონიტორინგის სამსახურის პროექტით, გვაქვს გადამზადების პროგრამა და გამოვაცხადე ტრენინგი. რადგან ბუღალტრები თუ სექტემბერში მიხვდებიან საშიშროებას, სწავლას და მითუმეტეს დოკუმენტაციის მომზადებას ვეღარ მოასწრებენ და წესით დაკარგავენ სამსახურებს.

ახლა თუ გჩნდება კითხვა, რა სიკეთე მოაქვს ამ რეფორმას, ეს ძალიან მაღალი სტანდარტია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა თბილისი, რაიონებისგან განსხვავებით ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად არის წინ. ყველა ორგანიზაცია იქნება რეესტრში და ბიზნეს სამყაროს შეეძლება ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის მიღება. კომერციულ საიდუმლოდ შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად წამლის რეცეპტი, ან რაღაც ტექნოლოგია, ფინანსური აღრიცხვა კი ექვემდებარება გამჭვირვალებას."

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები