გორში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ 3 500 დოლარის აღებაში მოქალაქეს ადანაშაულებენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი
პირი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა
ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ გარკვეული თანხის გადახდის
სანაცვლოდ დაასაქმებდა მას გორის მუნიციპალიტეტში არსებულ რომელიმე
საჯარო დაწესებულებაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 3 500
აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
სტატიის გამოყენების პირობები