ახალი ამბები
გორში ფეხმძიმე ქალის თავისუფლების აღკვეთის და იძულების ბრალდებით 3 პირი დააკავეს
22 მარტს გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულს, რომელსაც, ორ პირთან ერთად, ფეხმძიმე ქალის თავისუფლების აღკვეთაში, იძულებაში, პირადი ნივთების წართმევასა და ძარცვაში ედება ბრალი.

შემთხვევა 2019 წლის თებერვალში მოხდა და გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ეს მუხლებია:

- 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა", ,,დ" და ,,ე" (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით);

- 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტით (იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ჯგუფურად)

- 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძარცვა - ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით)

- 363-ე მუხლის მეორე ნაწილით ( პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება).

პროკურატურამ მესამე ბრალდებულის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. ორი ბრალდებული კი, მანამდე დაუკავებიათ.

პროკურორის მიერ წარდგენილი ბრალის მიხედვით, სამმა ახალგაზრდამ (25-დან 35-წლამდე ასაკის) ფეხმძიმე გოგონა იძულებით მანქანით თბილისში წაიყვანეს, წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები. ასევე, პროკურორის განცხადებით, აიძულეს, სახლიდან გამოეყვანა მეორე გოგონა, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მათთვის შეეხვედრებინა.

პროკურორის განცხადებით, წინასწარი გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულების პატიმრობა აუცილებელია. სხვა ფაქტობრივი გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია. მტკიცებულებებს, სასამართლოს არსებითი სხდომის დაწყების შემდეგ, გამოიკვლევენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები