ახალი ამბები
,,ოპტიმალ გრუპი" შიდა ქართლში ხაშურისა და ქარელის მერებსაც უჩივის
შიდა ქართლში სატენდერო სკანდალი გრძელდება. საექსპერტო-საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპი" ქარელისა და ხაშურის მერებსაც უჩივის. გორის მერის წინააღმდეგ მოგებული დავის შემდეგ იგივე საქმეზე დანარჩენი მერებიც იგივე შინაარსის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ინფრასტრუქტრული პროექტების სფერო მერების პირველ მოადგილეებს აბარია. ამ მხრივ ქარელის მერიაში პირველი მოადგილის ცვლილებაზე ალაპარაკდნენ. კასპის მერის პირველი მოადგილე კი, დავის დაწყების პერიოდში, შვებულებაში 10 დღით გავიდა. საკადრო ცვლილების შესახებ, ქარელსა და კასპში, კომენტარს არ აკეთებენ.

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის მარტის დასაწყისში, შიდა ქართლის ოთხივე მერიამ გამოაცხადა ტენდერები ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ტენდერის პირობებში ჩაიწერა ისეთი ნორმები, რომელიც ,,ოპტიმალ გრუპის" შეფასებით, მიკერძოების ნიშნებს შეიცავს. ,,ოპტიმალ გრუპის" წარმომადგენელი ნინა კარბელაშვილი მაგალითად რამდენიმე ნორმას ასახელებს.

კერძოდ: სადავო სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებულია ,,საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, რაც გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ქმედებით ან/და უმოქმედობით".

ნინა კარბელაშვილი: ,,გაურკვეველია, რომელი დეფექტების აღმოფხვრაზეა საუბარი. საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოიფხვრას დეფექტები ინსპექტირების ანგარიშებში, თუ ხარვეზით შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებში ან საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებში. როგორც ჩანს აღნიშნული მუხლი შემთხვევით აქვთ გაწერილი. რის საფუძველზე ავალდებულებს მერია საექსპერტო ორგანიზაციას, რომ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა? ინსპექტირების მიზანია სწორედ ნაკლის და დეფექტის გამოვლენა ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო მათი გამოსწორება წარმოადგენს იმ კომპანიის ვალდებულებას, რომელიც ახორციელებს კონკრეტული ობიექტის მშენებლობას. "

თუ რა საფრთხეს შეიცავს ,,ოპტიმალ გრუპის" საჩივრის დაკმაყოფილება, ამის თაობაზე, გორის მერმა მთავრობისგან დახმარება უკვე ითხოვა.

ნინა კარბელაშვილი მერებს განუმარტავს, რომ "ინსპექტირების ორგანო პასუხისმგებელი უნდა იყოს ინსპექტირების საქმიანობის მიუკერძოებლობაზე და არ უნდა დაუშვას, რომ კომერციულმა, ფინანსურმა ან რაიმე სხვა სახის ზეწოლამ საფრთხე შეუქმნას საქმიანობის მიუკერძოებლად განხორციელებას."

ცნობისათვის, საზედამხედველო საქმიანობა მუნიციპალიტეტებს 675 000 ლარი დაუჯდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები