ახალი ამბები
ადვოკატი: ,,ხახუბიას საქმეზე პროკურატურას საპატრულო პოლიციის დასჯა სურს"
27 მარტს, ადვოკატ თამარ აბესაძის თქმით, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, გორის სასამართლოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს ისტორიული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ამის შესახებ ადვოკატმა საკუთარ დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბრალდება ეფუძნება, ეს არის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი.

,,ეს კაცი, ჩემი აზრით, პროცესზე ნასვამ მდგომარეობაში მოვიდა და საბრალდებო სიტყვა წაიკითხა. მისი მოვალეობა არ იყო იმის შეფასება, უნდა გადაეკეტათ თუ არა გზის სავალი ნაწილი იმ ავტომანქანისთვის, რომელსაც საპატრულო პოლიციამ 120 კმ მანძილზე სდია" - აღნიშნა თამარ აბესაძემ.

მისი შეფასებით, პროკურატურა ცდილობს დააკნინოს საპატრულო პოლიცია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ უწყებას წარმოადგენს. იგი ყურადღებას ამახვილებს სატვირთო ავტომანქანის დგომის ტრაექტორიაზე.

,,ექსპერტს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, თუ როგორი ტრაექტორიით მოძრაობდა მანქანები და რა მანძილზე ფარავდა საავტომობილო გზას სატვირთო ავტომანქანა. ამის მაგივრად, ექსპერტი პროცესზე საბრალდებო სიტყვით გამოვიდა და ამბობდა, თურმე სად რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ და ა.შ." - აღნიშნა თამარ აბესაძემ. იგი პატრულის ოცმეთაურის ნუკრი ხაბელაშვილის ინტერესებს იცავს.

დანარჩენი პატრულის თანამშრომლების (ცნობისათვის, მათ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ) ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ პირველ რიგში მხარეები განიცდიან ტრაგიკულ შემთხვევას. ამის გამო, ყოველი პროცესის წინ ოჯახს უსამძიმრებენ:

,,მაგრამ იბადება კითხვა? რა უნდა ექნათ პატრულის თანამშრომლებს? ეს კითხვა სხვათა შორის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს პირველმა მოსამართლემაც დასვა, ალბათ, უნებლით - კი, მაგრამ გზა რომ არ გადაეკეტათ, რა უნდა ექნა პატრულს? როცა სპეციალური დამჭერები არ არსებობს, არ გააჩნია შსს-ს ასეთი ხელსაწყოები. თქვენი გადაწყვეტილება კი ამ კითხვას გასცემს პასუხს." - უთხრა ნოდარ ცინცაძემ მოსამართლეს.

ადვოკატებმა თითქმის 30-30 წთ-იან გამოსვლაში ვრცლად მიმოიხილეს სასამართლო პროცესის განმავლობაში გამოკვლეული მტკიცებულებები, ჩვენებები და ა.შ.

,,ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა იმ ღამეს. როგორ საფრთხეში აღმოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დევნის დროს. გავიხსენოთ სოფელ აგარებთან რაც მოხდა, სადაც ანალოგიურად, გადაუკეტეს გზა ბექა ხუხუბიას. აგარებთან ხახუბიამ შეანელა მანქანა, შეძლო გადასვლა საპირისპირო მიმართულების სავალ ნაწილზე და წამოვიდა თბილისისკენ. რატომ არ კითხულობს გამოძიება, თუ რატომ წავიდა ხახუბია ავტობანისკენ? რატომ უყვარდა ავტობანზე მაღალი სიჩქარით სიარული? რატომ არ უყვარდა ავტობანზე პატრული.? ეს ყველაფერი უნდა გამოეძიებინა პროკურატურას. დღეს, პირიქით, ცდილობს დასაჯოს საპატრულო პოლიცია" - აღნიშნა ადვოკატმა.

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პატრულის თანამშრომლებს ნუკრი ხაბელაშვილს,ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) და გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედებათ.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები