ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა. მხარეებმა 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, სოციალური მუშაკების მოთხოვნები და "სოციალური მუშაობის" კანონით გაწერილი აქტივობები, განიხილეს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრა თითქმის 4 საათი გაგრძელდა და სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმა სოციალური მუშაკებისთვის უმეტესწილად მისაღები აღმოჩნდა. შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი სოციალურ მუშაკებს გადაეგზავნებათ. გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას კი დოკუმენტის მიღებისა და კოლეგებთან შეთანხმების შემდეგ მიიღებენ.

" სოციალური მუშაკები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული საქმეებისგან. შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. აპრილის ბოლომდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში და ყველა საჭირო რესურსის აღწერა. გარდა ამისა, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იუსრიტების დამატება. თითოეულ რეგიონში უკვე არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მოდებაძე და სოციალური დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია ესწრებოდნენ.

"უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ. მათი პოზიცია იყო, რომ რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ამას დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებსაც, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები