ახალი ამბები
გორში ტყვე დათვისთვის ნარჩენი თევზისა და პურის შესყიდვა ტენდერის გარეშე ხორციელდება
გორში დატყვევებული დათვის გარშემო ხმაური არ წყდება. დათვების თავშესაფრის დირექტორი სოსო ჯიქურაშვილი მესამე თვეა ცხოველის წაყვანას ითხოვს. თავშესაფარი ცხვარიჭამიაშია.

სოსო ჯიქურაშვილის თქმით, მერისგან სიტყვიერი შეთანხმება არ სრულდება. გორის მერი დაპირდა, რომ თუ სამ თვეში მურა დათვისთვის პირობები არ გაუმჯობესდებოდა, დათვის გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ქარტლი.გე-მ კი მოიპოვა ახალი დოკუმენტები, რომლის მიხედვით, მერია კიდევ ერთი წლის განმავლობაში, ტყვეობიდან მურა დათვის გათავისუფლებას არ აპირებს. მურა დათვისთვის ამჯერად ნარჩენი თევზი და სხვადასხვა მშრალი საკვები ბიუჯეტის თანხებით, ტენდერის გარეშე შეისყიდება.

მას შემდეგ, რაც დათვის მძიმე მდგომარეობის შესახებ, ქარტლი.გე-ზე ვიდეო გავრცელდა, მერიამ ნაყარი ვაშლის შესყიდვაზე უარი განაცხადა და პოლიციის მაღალჩინოსნის პაატა კოდოშვილის ოჯახი პირდაპირი შესყიდვებიდან ჩაიხსნა.

იანვრიდან, გორის მერიამ ურთიერთობა კომპანიებთან დაამყარა და მათგან ნარჩენი თევზისა და მშრალი საკვების შეყიდვა დაიწყო.

ასე, მაგალითად, 2019 წლის 22 იანვრის ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,გრანულისგან" 720 კგ ნარჩენი თევზის შესყიდვა ხორციელდება. 1 კგ ნარჩენი თევზის ღირებულება 3 ლარია.

გორის კეთილმოწყობის სააგენტომ იმავე დღეს დადო ხელშეკრულება იმავე კომპანიასთან მშრალი საკვების შესყიდვაზეც. 2019 წლის 31 დეკემბრამდე ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით დათვისთვის 1,5 ტონა მშრალი საკვები იქნება შეძენილი.

რაც შეეხება ნარჩენ პურს, მერია წლის ბოლომდე 2160 პურს შეიძენს. ერთი პურის ღირებულება 30 თეთრია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები