ახალი ამბები
FLEX პროგრამის შესახებ ამერიკის გაცვლითი საბჭოს განცხადება
,,გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი არ არის ის წყარო, რომელსაც ფეიკნიუსების გასავრცელებლად იყენებენ" - განუცხადა ქარტლი.გე-ს ამერიკის გაცვლითი საბჭოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა სხვადასხვა ინფორმაციამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. საქმე ეხება FLEX პროგრამის 2019-20 წლის გორელი მონაწილეების სიის გავრცელებას.

ამის შესახებ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ამერიკის გაცვლითი საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამარჯვებული მოსწავლეების რაოდენობისა და ვინაობის შესახებ, ინფორმაციას გარკვეული დროის შემდეგ თავად გამოაცხადებენ:

,,როდესაც არ უკავშირდებიან ამერიკის საბჭოს წარმომადგენლობას და ისე ავრცელებენ ინფორმაციას, ეს ჩვეულებრივი ფეიკნიუსია" - განაცხადეს მათ.

ამერიკის საბჭოს წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ FLEX პროგრამის 2019-20 წლის მონაწილეების ვინაობა ცნობილია.

,,დავუკავშირდით ყველა ფინალისტსა და ალტერნატიულ კანდიდატს. ჩვენ მათთან აქტიური თანამშრომლობით ვიზრუნებთ გამგზავრებისთვის მზადებას. იმ კანდიდატებს, კი, რომლებიც კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ვერ გახდნენ ფინალისტები ან ალტერნატიული კანდიდატები - მადლობას ვუხდით პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის. თუკი ამ მონაწილეების ასაკის და სკოლის კლასის კრიტერიუმები აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს, გირჩევთ მომავალ წელსაც მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა. ხოლო უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ წერილს, ეს კანდიდატები კვირის ბოლომდე მიიღებენ." - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

FLEX პროგრამა შემდგომ შესარჩევ ეტაპს 2019 წლის შემოდგომაზე განაახლებს, იქამდე კი საქართველოდან 80 ფინალისტს გაამგზავრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები