ახალი ამბები
სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ოლეგ იაძე ახალგაზრდობაში
კასპის სპორტის ისტორიის ავტორი ამირან ტალახაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ოლეგ იაძის ახალგაზრდობის ფოტოებს ავრცელებს. 29 მარტს ოლეგ იაძე 58 წლის გახდა.

ფოტოებზე სპორტული კარიერის პირველი წლებია ასახული. მთავარ ფოტოზე იაძე მეტეხის სკოლის ფიზკულტურის გაკვეთილზეა. იმ პერიოდში მას ჭიდაობას საქართველოს ორგზის ვიცე-ფალავანი აკაკი მალაციძე ასწავლიდა.

მეორე ფოტოზე
მწვრთნელ ზელიმხან ილურიძესთან ერთადაა გადაღებული.

იაძე დაიბადა 1961 წლის 29 მარტს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში. 10 წლისამ ვარჯიში დაიწყო ლეგენდარულ მწვრთნელთან, ლავრენტი კაციაშვილთან.

1978-ში, სკოლის დამთავრებისა და ფიზკულტურის ინსტიტუტში მოწყობის წელს, გახდა ყოფილი საბჭოეთის ჩემპიონი ჭაბუკ სამბოელთა შორის..

25 წლის ასაკში მწვრთნელობას შეუდგა საქართველოს სამბოს ასაკობრივ ნაკრებებში, ხოლო 1991- 2003 წლებში სათავეში ედგა ეროვნულ ნაკრებს. მისი თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა 1997 და 1999 წლებში,

1997 წელს თბილისში პირველად მოწყობილ მსოფლიო პირველობაზე, მსოფლიოში უძლიერესი გუნდის წოდება დაიმსახურა, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა ღირსების ორდენი ირგუნა.

ასევე, კონტინენტისა და მსოფლიოს მე-2 პრიზიორობა დაიმსახურა 4-4-ჯერ, ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი გახდა, შესაბამისად, 6-6-ჯერ.

,,ამიტომ შემთვევითი არაა ის ფაქტი, რომ ოლეგ იაძე მე-20 საუკუნის სამბოს ქართველ საუკეთესო მწვრთნელთა 10-ეულში მეორე პოზიციაზეა (ქრისტეფორე ნინიაშვილის შემდეგ)" - წერს ამირან ტალახაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები