ახალი ამბები
გორის ქუჩებში ღამით 4800-მდე ნათურა ანთია - დედამიწის დღე
გორში, ერთი საათით, გარეგანათების 4800-მდე ნათურა ჩაქრა. ღონისძიება ,,დედამიწის საათის" ფარგლებში ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

qartli.ge დაინტერესდა, თუ რამდენი ნათურაა ქალაქში და რა რაოდენობის სითბურ ემისიებს გამოყოფს. მონაცემები 2014 წლის პერიოდს მოიცავს და ითვალისწინებს 2020 წლისთვის გარკვეული სახის ცვლილებებს. როგორც ცნობილია, 2014 წელს მერების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, სადაც გარკვეული სახის ვალდებულებები ხელმომწერებმა აიღეს.

2013-2014 წლებში განხორციელდა გარე განათების სამუშაოები და ნათურების რაოდენობა გაიზარდა 4800 ერთეულამდე. 2014 წლის მდგომარეობით, გორის ქუჩების 96% განათებულია.

ქალაქ გორის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა 2020 წლამდე თვალისწინებს დარჩენილი გაუნათებელი ქუჩების განათებასაც, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არსებული ქუჩების მხოლოდ 4%-ს შეადგენს.

გორის მერიის ცნობით, ქალაქში დაახლოებით 160-მდე ქუჩაა. ასევე აქ არის 23 სკვერი და ცენტრალური პარკი "ახალბაღი".გორში არის ბევრი ღირსშესანიშნაობა (გორის ციხე, გორის საკათედრო ტაძარი, გორის თეატრი, და სხვა), რომელიც გარედანაა
განათებული.

2014 წლის მონაცემებით, გორში, გარეგანათებიდან მიღებული სითბური ემისიების რაოდენობა 403 ტონა CO2-ის ეკვივალენტს შეადგენდა. მდგრადი განვითარების გეგმის და აღებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ ეს რაოდენობა 2020 წლისთვის 326 ტონა CO2-ის ეკვივალენტამდე დავა. გორის მერიის მიერ 2014 წელს აღებული ვალდებულებები ნათურების შეცვლასაც გულისხმობს.

რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდა და ქცევის გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი რომელიც ახორციელებს პროექტს ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში'' , მუსიკისა და ცეკვის ცენტრი ,, იბერია"" და გორის მუნიციპალიტეტის მერია.

"დედამიწის საათი" პირველად 2007 წელს ავსტრალიაში გამართა, რის შემდეგაც, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით მოძრაობად გადაიქცა.

2019 წელს "დედამიწის საათის" მიზანია, ბუნების კარგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესების შესაჩერებლად შესაბამისი ზომების მიღება. გასულ წელს,188 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი შეიკრიბა ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო - ჩვენი და თქვენი ერთადერთი სახლის - დედამიწის დაცვისთვის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები