ახალი ამბები
გორის სასამართლოსთან ოჯახური ძალადობის საქმეებზე ,,პიკაპების რიგია"
გორის სასამართლომ 3 დაკავებულიდან ორს წინასწარი პატიმრობა, ხოლო მესამეს გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით, შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ დღეს მიიღო.

მისი გადაწყვეტილებით, ორი პირი, რომელიც ყოფილ მეუღლეებს, გამოძიების ვერსიით, ემუქრებოდნენ კიდეც, 40 დღეს საპატიმროში გაატარებენ. მესამე პირი კი, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

ოჯახური ძალადობის ორი საქმიდან, პროკურორის ბრალდებით, ერთმა შემაკავებელი ორდერიც დაარღვია. ეს ოჯახი დევნილია და, როგორც ადვოკატი ტანია რაზმაძე აცხადებს, მამაკაცი თავის სახლში ტანსაცმლის წასაღებად მივიდა:

,,ჩვენი საქმის შემთხვევაში სადავო მხოლოდ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტია. სხვა არანაირი ძალადობა და მუქარა ყოფილა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მივიდა სახლში, ტანსაცმელი უნდა წამოეღო. სხვათა შორის, ეს სახლი ამ ბიჭსაც ეკუთვნის. როგორც ჩანს, ყოფილ მეუღლეს ამ სახლიდან მისი საერთოდ მოშორება უნდა" - აცხადებს ადვოკატი ტანია რაზმაძე.

რაც შეეხება მეორე ძალადობის საქმეს, პროკურატურის მტკიცებით, მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილ მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს მიაყენა. ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს და, პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პატიმარია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები