ახალი ამბები
ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორიის შესახებ წიგნი გამოსცეს
გორის უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მორიგი მონოგრაფია - ,,ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორია" გამოსცა. ამის შესახებ qartli.ge-ს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის ნაშრომში განხილულია ცხინვალის რეგიონის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრება XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუნის ჩათვლით.

,,წინა პლანზე წამოწეულია ცხინვალისა და მის მიმდებარედ არსებული ქართულ-ოსური და ქართულ-ებრაული ლიტერატურულ - კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი დეტალები. ყურადღება გამახვილებულია გასული საუკუნის ცხინვალში არსებულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ჟურნალისტური და თეატრალური ცხოვრების საგულისხმო მომენტებზე, კულტურულ ურთიერთობათა იმ ღრმა ტრადიციების ნიუანსებზე, რომლებიც დღეს ერთგვარად საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი." - აღნიშნულია მონოგრაფიის წინასიტყვაობაში.

700-გვერდიან მონოგრაფიას  თითოეული თავის ბოლოს  ფოტომასალა აქვს დართული. ნაშრომს ახლავს გამოყენებული ლიტერატურის და შენიშვნების ვრცელი სია, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები