ახალი ამბები
ხაშურის მერის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა
ხაშურის მერის მოადგილემ ზურაბ ჩხიტუნიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ხაშურის მერის, გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, ჩხიტუნიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც რეგიონში ახალი გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის დანიშვნის შემდეგ, მერების მოადგილეებს შორის საკადრო ცვლილებები ხორციელდება.

თავდაპირველად, გორის მერის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე შეცვალეს, შემდეგ ქარელის მერის პირველ მოადგილის, მერი არხოშაშვილის შეცვლაის შესახებ, გავრცელდა ინფორმაცია.

ხაშურში კი, პირველი მოადგილის ნაცვლად, სხვა მოადგილე გაათავისუფლეს.

ზურაბ ჩხიტუნიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 29 მარტს დაწერა.

ჩხიტუნიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ვალერი გელაშვილის საარჩევნო შტაბის წევრი იყო. იმ პერიოდში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ჩხიტუნიძე თანამშრომლებს ვალერი გელაშვილის სასარგებლოდ აქტიურ მუშაობას მოუწოდებდა. თუმცა არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სიმონ ნოძაძემ მოიგო.

პარლამენტარი სიმონ ნოძაძე კი, გამარჯვების შემდეგ, მერიიდან ჩხიტუნიძის გათავისუფლებას ითხოვდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები