ახალი ამბები
საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ კანადელ მოქალაქეს საქართველოს დატოვება არ სურს
ნიკოლას მეტიუ როგიცის განმარტებით, საქართველოში არ ჰყავს ახლობლები, არ აქვს ფინანსური სახსრები თავის სარჩენად, არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და ბოლო დროს ღამეს ათევდა ქუჩაში. პირის განმარტებით, არ ფლობს სამგზავრო დოკუმენტს და არ სურს საქართველოს დატოვება.

ამის შესახებ საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად შეატყობინა. მისი ინფორმაციით, კანადელ მოქალაქეს საქართველოსთვის თავშესაფრისთვისაც არ მიუმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკოლას მეტიუ როგიცის, კანადაში დასაბრუნებლად, 30-დღიანი ვადა მისცა. აღნიშნული ვადა 10 აპრილს იწურება. ნიკოლას როგიზი 1958 წელს კანადაში, კერძოდ ონტარიოშია დაბადებული.

მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, ონტარიოში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოში დამკვიდრების მიზნით 2013 წელს ჩამოვიდა და მას შემდგომ აღარ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია.

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, როგიცი ნასამართლევი არ არის და ძებნაში არ იმყოფება.

როგორ ირკვევა, ნიკოლას როგიცი საქართველოში იმ დროს შემოვიდა, როდესაც მოქმედებდა კანონის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით კანადის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისთვის ვიზა არ ესაჭიროებოდათ.

61-წლის მამაკაცს კანადაში გამგზავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნება 2 წლის განმავლობაში აღარ შეეძლება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები