ახალი ამბები
ფიტოპათოლოგიური კვლევის მიხედვით სურამში ტყე მუხის დიდმა ხარაბუზამ დააზიანა
სურამში, ე.წ "ბაიანთხევის" მიმდებარედ, მუხისა და იფანის ნერგები დარგეს. ნერგები ადგილობრივებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩაუტანეს.

სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ამ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე 6 000 ნერგი, მათ შორის 4800 მუხა და 1200 იფანი დაირგვება.

"ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ, სანიტარული ჭრის ფარგლებში დაზიანებული რამდენიმე ათეული მუხის ხე მოიჭრა, მაგრამ მათ მაგივრად დაირგო ახალი მუხის და იფანის ხეები. საერთო ჯამში დაირგვება 6 000-ზე მეტი ნარგავი და სრულად
მოხდება ტყის მასივის აღდგენა", - განაცხადა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში მოიჭრა 90 გამხმარი მუხა.

,,2018 წელს ფიტოპათოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხეების დაზიანება და ხმობა მავნე მწერმა - მუხის დიდმა ხარაბუზამ გამოიწვია." - აღნიშნავენ სპეციალისტები.

სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი სანიტარული ჭრების დაგეგმვის პარალელურად მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც 3,3 ჰა ფართობზე გახორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები