ახალი ამბები
საქაშეთში 9 აპრილის მემორიალი სკოლის ეზოდან ეკლესიის გვერდით გადააქვთ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის სკოლის ეზოდან 9 აპრილის მემორიალი ეკლესიის ეზოში გადააქვთ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

მერის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მემორიალის გადატანა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ხორციელდება:

,,მოსახლეობამ მემორიალის გადატანის თხოვნით მოგვთხოვა, შესაბამისად, ვითვალისწინებთ ადგილობრივების ინიციატივას და მემორიალი ეკლესიის ეზოში გადატანაში ვეხმარებით" - გვითხრა მერის პრეს-სამსახურმა.

დღეს, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს სკოლის წარმომადგენლებმა შეატყობინეს, რომ მემორიალი დაარბიეს. შეტყობინების ინიციატორი სკოლის პედაგოგი ნათია კოკოზაშვილია.

ნათია კოკოზაშვილის თქმით, მან მემორიალი ამ მდგომარეობაში გუშინ ნახა და პოსტიც სოციალურ ქსელში გამოაქვყენა:

,,მე გუშინ ვნახე ეს მემორიალი ამ მდგომარეობაში, ამოთხრილი და გადატეხილი. ვიფიქრე, რომ დაარბიეს და სოციალურ ქსელში გამოვაქყვენე. რომ არავინ გამომეხმაურა, შევატყობინე პოლიციას, დავრეკე 112-ზე და მოვიდნენ გორის პოლიციის თანამშრომლები"- აცხადებს ნათია კოკოზაშვილი.

ინფორმაცია კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტერიტორია გორის პოლიციელებმა დატოვეს.

სკოლის პედაგოგი აცხადებს, რომ მორიალის გადატანის თაობაზე, მათ არაფერი იცოდნენ:

,,ეს მემორიალი დგას ჩვენი სკოლის ეზოში. თუკი გადატანა უნდოდათ, არ უნდა შეეტყობინებინათ სკოლისთვის? ის, სწორედ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე დაიდგა 30 წლის წინ. გვირჩევნია, რომ ისევ სკოლის ეზოში იყოს" - აცხადებს ნათია კოკოზაშვილი.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მან მემორიალის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ პედაგოგისგან შეიტყო. მისი თქმით, სკოლა ყოველწლიურად ღონისძიებებს ამ მემორიალთან აწყობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები