ახალი ამბები
,,კლდის ძეგლების" გადასარჩენად ფლორენციელი სპეციალისტების დაქირავებას გეგმავენ
უფლისციხის, ვარძიის, ვანის ქვაბების, ხერთვისისა და დავით გარეჯის კომპლექსთა რეაბილიტაციის მიზნით საერთაშორისო ექსპერტები 10-წლით იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს უფროსის, ნიკოლოზ ანთიძის მიერ 2019 წლის 2 აპრილს შედგენილი წერილის მიხედვით, სპეციალისტები ,,კლდის ძეგლებზე" საერთაშორისო სტანდარების დაცვით იმუშავებენ.

ახალი მიდგომების გათვალისწინებით, სააგენტო გეგმავს შემდეგი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების: ვანის ქვაბების, ვარძია-ხერთვისის, დავით-გარეჯის და უფლისციხის მულტიდისციპლინარულ კვლევას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებას, ამასთანავე, მიმდინარე სამუშაოებისათვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. მითითებული "კლდის ძეგლები" სახელმწიფოს მიერ წარდგენილია მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ძეგლებზე კვლევისა და კონსერვაციის სამუშაოების ზედმიწევნით საერთაშორისო სტანდარტით განხორციელების საჭიროებას, რათა არ მოხდეს მათი გამორჩეული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების შემცირება" - აღნიშნავს ნიკოლოზ ანთიძე.

მიმდინარე 2019 წელს (პროექტის პირველ წელს) განსაზღვრულია მულტიდისციპლინარული კვლევების საფუძველზე "კლდის ძეგლების" კვლევითი სამუშაოების მომზადება, რაც ითვალისწინებს:

სამეცნიერო-საძიებო, პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების შემდგომ, დადგინდება ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები, უფრო დეტალურად გამოვლინდება "კლდის ძეგლების" დაცვის მიზნით მათზე ჩასატარებელი სამუშაოების ერთობლიობა, რის შემდეგაც დაიგეგმება და განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძეგლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ანთიძის აზრით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საერთაშორის ექსპერტების, სპეციალისტების, შესაბამისი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სააგენტოს დირექტორს მაგალითისთვის მოჰყავს ფლორენციის უნივერსიტეტში დაფუძნებული იუნესკოს კათედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კლდის ძეგლების დაცვის წამყვან ექსპერტებს თავს უყრის, და რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ეგიდით ახორციელებენ ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლების კვლევასა და კონსრვაციას, როგორიაცაა: იორდანიაში, ნეპალში ცნობილი მიწისძვრის შემდეგ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, მაჩუფიქჩუს გამაგრება და ა.შ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები