ახალი ამბები
ამბავი 10-წლის ბავშვის შესახებ, რომელსაც სოფელი, მშობელი და მეგობრები დაუპირისპირდნენ
სახალხო დამცველის გორის ოფისის წარმომადგენელმა ანა ჯანიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს 10-წლის ბავშვის ისტორია მოუყვა, რომელმაც საკუთარი უფლებების დასაცავად 112-ში დარეკა და ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ეს ისტორია მოზარდებისთვის მაგალითი გახდა იმისთვის, თუ რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ბულინგმა მოზარდი.

ანა ჯანიაშვილმა ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეებთან აღნიშნა, რომ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი მოზარდისთვის თანადგომა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

,,,ბავშვს მეზობლის ქალი ხშირად აჩერებდა და აძლევდა შენიშვნებს. ამ ბავშვმა ვერ დაიცვა თავი, დედამისმაც გაამტყუნა...დარეკა 112-ში. 10-წლის ბავშვი რეკავს. ამის შემდეგ, მთელმა კლასმა, მთელმა სოფელმა დააბულინგა, რომ შენ როგორ გაბედე და ზარი განახორციელე. 10-წლის ბავშვმა, რომელმაც საკუთარი მშობლისგან ვერ დაინახა მხარდაჭერა და, ასევე, თანადგომა ვერ იგრძნო; ასეთმა დამოკიდებულებამ გადააწყვეტინა....(აქ შეგნებულად არ ვამბობთ, თუ რა გადაწყვიტა მოზარდმა-რედ)" - თქვა ანა ჯანიაშვილმა.

კიდევ ერთი მაგალითი, რაზეც ანა ჯანიაშვილმა მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილებინა, ეს არის მშობელსა და შვილს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება:

,,ერთმა მშობელმა განაცხადა, რომ მისი შვილი, სკოლის შემდეგ, საუბრობს სკოლის შესახებ. დედა ამბობს, რომ ჩემ შვილს ვაჩერებ, ნუ ჭორაობო. ამ შემთხვევაში ეს მიდგომა არასწორია, რადგან მშობელი, პირიქით, უნდა ეცადოს შვილთან საუბარს, მით უმეტეს, სკოლის შესახებ. შვილსა და მშობელს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს" - განაცხადა ანა ჯანიაშვილმა. 

იხ. ამავე თემაზე:

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეებს ბულინგის თემაზე ომბუდსმენის წარმომადგენელი ესაუბრა

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები