ახალი ამბები
გორელი ფერმერებისთვის წლევანდელი გაზაფხული თბილი და ხელსაყრელია - ანგარიში საკრებულოში
მუნიციპალიტეტის ფერმერებს და სოფლის მოსახლეობას, საგაზაფხულო სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, თბილმა და ხელსაყრელმა ამინდებმა ხელი შეუწყო. ამის შესახებ გორის საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დასკვნა მოამზადა.

მისი ინფორმაციით, გაზაფხულით უნდა დაითესოს და დაირგოს 16 300 ჰა-ზე მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები. მათ შორის 2 500 ჰა სიმინდი, 4 500 ჰა საგაზაფხულო ქერი, 2 000 ჰა ხორბალი, 2 000 ჰა ლობიო, 700 ჰა კარტოფილი, 2 300 ჰა პამიდორი, 700 ჰა კომბოსტო, 600 ჰა ხახვი, 1000 ჰა ნიორი და სხვადასვა სახის ბაღჩეული და მრავალწლიანი ბალახები.

,,ზემოთ აღნიშნული კულტურების დასათესად მიმდინარეობს ნიადაგის ხვნა, მოხნულია უკვე 12 500 ჰექტარი, დათესილია ხორბალი 500 ჰა, ქერი 2 100 ჰა, 300 ჰა მრავალწლიანი ბალახები და ბაღჩეული კულტურები, თესვა მიმდინარეობს." - აღნიშნავს მერაბ მელანაშვილი.

მელანაშვილის განმარტებით, კარგი ტემპით მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ძირითადი კულტურის ხილის ბაღების დამუშავება, კურკოვანი, თესლოვანი და კენკროვანი ხილის ბაღების ფართობს 12 660 ჰა უკავია.

,,უნდა აღინიშნოს რომ ბაღების მთლიანი ფართობის 80 % გასხლულია. მიმდინარეობს ნარგავების რიგთაშორისი და ძირების დამუშავება. დაწყებულია ხეხილის მავნებელ ავადმყოფობათა წინააღმდეგ წამლობის სამუშაოები შეწამლულია უკვე 9 000 ჰექტარი.
სავაჭრო ორგანიზაციები მომარაგებულია შხამქიმიკატებით, მინერალური სასუქებით, მარცვლეულის და ბოსტნეულის თესლებით." - აღნიშნულია დასკვნაში.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა კვლავ პრობლემად რჩება სახნავი ტრაქტორებისა და მარცვლეულის ასაღები კომბაინების ნაკლებობა, არსებული ტექნიკა კი მოძველებული და ჩამოსაწერია. კვლავ მოქმედებაშია მთავრობის მიერ დასახული პროგრამები, ,,დანერგე მომავალი", ,, აგროწარმოების ხელშეწყობა", ,,შეღავათიანი აგროკრედიტები", ,, აგრო დაზღვევა".

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები