ახალი ამბები
გორის რაიონში თვენახევრის ბავშვი დაიღუპა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში თვენახევრის ბავშვი დაიღუპა. მშობლებმა დღეს დილით საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება ადგენს.

ტერიტორიული თემის წარმომადგენელი კობა ბერიანიძე აცხადებს, რომ ბავშვი გუშინ სამედიცინო ცენტრში ჰყავდათ:

,,გუშინ საავადმყოფოში ყავდათ ბავშვი, გამოწერეს, მოიყვანეს სახლში, თუმცა საღამოს ხველება დაეწყო ისევ. მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ დღეს დილით ისევ წაეყვანათ საავადმყოფოში" - აცხადებს კობა ბერიანიძე.

ბავშვი 2019 წლის 20 თებერვალს საკეისრო კვეთით ,,იავნანას" კლინიკაში დაიბადა. ,,იავნანას" წარმომადგენელი ვასიკო სიმონია აცხადებს, რომ მშობიარობას გართულებები არ ჰქონია:

,,ეს ბავშვი ჩვენთან 20 თებერვალს დაიბადა საკეისრო კვეთით. მშობიარობასთან დაკავშირებით, აქ რაიმე გართულებების შესახებ, არ მოუმართავს. გავარკვიეთ ისიც, რომ მშობიარობის შემდეგ, პედიატრიულ კლინიკაში ყოლიათ მიყვანილი. იმის შემდეგ ჩვენთან რაიმე გართულებების მიზეზით არ მოუყვანიათ" - აცხადებს ვასიკო სიმონია.

ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. დედისთვის ეს იყო მეხუთე შვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები